ქართველი ლეგიონი | ზივზივაძემ შეცვლაზე ითამაშა, ბეგლარიშვილი ესტონეთში ბომბარდირია #1TVSPORT
ერთა ლიგაზე ბრწყინვალედ ჩატარებული თამაშების შემდეგ ბუდუ ზივზივაძე უნგრეთში დაბრუნდა. მან ჩემპიონატის მე-9 ტურში „ფეჰერვარში“ შეცვლაზე ითამაშა „პუშკაშ აკადემიასთან“ გასვლით შეხვედრაში, რომელიც 1:1 დასრულდა.
მიუხედავად იმისა, რომ ქართველი თავდამსხმელი უნგრეთის ჩემპიონატშიც შედეგიანობით გამოირჩევა და საქართველოს ნაკრებშიც ძალიან კარგი მატჩები ჩაატარა, „ფეჰერვარის“ გერმანელი მწვრთნელი ბორის მიხაელი ხშირად შეცვლაზე ათამაშებს და ახლაც მოედანზე მხოლოდ 68-ე წუთზე შეუშვა. ზივზივაძემ შეტევა გაამწვავა და 78-ე წუთზე „ფეჰერვარმა“ კენან კოდროს გოლით წონასწორობა აღადგინა.
ლუკა ლაკვეხელიანი „მეზოკოვეშდის“ განაცხადში იყო, მაგრამ არ უთამაშია „პაკშის“ წინააღმდეგ – მატჩი მისმა გუნდმა საკუთარ არენაზე 1:2 წააგო. მისი ყოფილი თანაგუნდელი გიორგი ხარაიშვილი კვლავ არ გამოჩნდა „ფერენცვაროშში“, რომელმაც შინ „კიშვარდა“ 3:0 დაამარცხა.
ესტონეთის ჩემპიონატის 30-ე ტურში ზაქარია ბეგლარიშვილმა 30 წუთი ითამაშა „ლევადიაში“, რომელმაც გასვლაზე 1:0 დაამარცხა „კალიუ“. ქართველმა ნახევარმცველმა ყვითელი ბარათი მიიღო და ამჯერად ვერ გაიტანა, მაგრამ 19 გოლით ბომბარდირებში ლიდერობს და სეზონის დასრულებამდე 6 ტურით ადრე მეორეადგილოსანს, რობი საარმას („პაიდე“) 6 ბურთით ასწრებს.