ქართველი ლეგიონერები სლოვაკეთში | ნარიმანიძემ „სლოვანთან“ საგოლე გადაცემა შეასრულა #1TVSPORT
სლოვაკეთის ჩემპიონატის მე-8 ტურში თორნიკე ძოწენიძის „მიხალოვცე“ გასვლაზე „რუჟომბეროკთან“ 0:3 დამარცხდა. ამის მიუხედავად, ქართველმა მცველმა, რომელმაც მატჩი შეუცვლელად ჩაატარა, ორივე გუნდში ერთ-ერთი საუკეთესო შეფასება მიიღო – 7.5 ქულა.
ლევან ნონიკაშვილმა ამჯერად „სკალიცაში“ ვერ გაიტანა, რომელმაც გასვლაზე „ბანსკა ბისტრიცასთან“ 2:3 წააგო. ქართველმა შემტევმა ნახევარმცველმა მოედანზე 85 წუთი გაატარა.
გიორგი მოისწრაფიშვილი და ლუკა ხორხელი ტრნავის „სპარტაკს“ „კოშიცეს“ დამაჯერებელ ძლევაში დაეხმარნენ – 5:2. ორივე ქართველი ძირითად შემადგენლობაში ათამაშეს.
ლუკა სილაგაძის „პოდბრეზოვამ“ შინ „კომარნოსთან“ დაძაბული შეხვედრაში ქულა მოიპოვა – 1:1. ქართველი ნახევარმცველი მოედანზე 71-ე წუთზე შევიდა.
სანდრო ნარიმანიძემ შეუცვლელად ითამაშა „ჟილინაში“, რომელიც ბრატისლავაში „სლოვანს“ დაუზავდა – 3:3. 84-ე წუთზე ქართველი მცველის გადაცემით ბილალოვიჩმა სტუმრები წინ გაიყვანა, მაგრამ „სლოვანმა“ ანგარიში მაინც გაათანაბრა.