ქართველი ლეგიონერები | სიგუამ „ბაზელში“ ითამაშა - ყაზახეთში ზარიასა და გადრანის „ქაირათმა“ მოიგო #1TVSPORT
ქართველი ლეგიონერები | სიგუამ „ბაზელში“ ითამაშა - ყაზახეთში ზარიასა და გადრანის „ქაირათმა“ მოიგო #1TVSPORT

საბა ლობჟანიძემ მორიგი შეხვედრა ჩაატარა „ატლანტაში“, რომელმაც მეიჯორ ლიგაში (MLS) „დალასი“ მიიღო და ქულა მოიპოვა – 1:1. ქართველმა ფეხბურთელმა 87 წუთი ითამაშა. „ატლანტა“ 7 ტურის შემდეგ 9 ქულით აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-10 ადგილზეა.

ჩინეთის სუპერლიგაში ვაკო ყაზაიშვილმა შეუცვლელად ითამაშა „შანდუნში“, რომელმაც „ჩანჩუნი“ სტუმრად 2:1 დაამარცხა. ქართველმა შემტევმა შეხვედრა მაღალ დონეზე ჩაატარა და საკმაოდ მაღალი შეფასება, 7.6 ქულა მიიღო.

ყაზახეთის პრემიერლიგაში ერთმანეთს ქართველების გუნდები დაუპირისპირდნენ – „ატირაუმ“, სადაც გია ჩადუნელი, ზაზა ციცქიშვილი, გიორგი გადრანი და გიორგი ნიქაბაძე თამაშობენ, ალმათის „ქაირათს“ (ლუკა გადრანი, გიორგი ზარია) უმასპინძლა და 1:4 დამარცხდა. 90-ე წუთზე გია ჩადუნელი გააძევეს.

შვეიცარიის სუპერლიგაში გაბრიელ სიგუას „ბაზელმა“ „ლუგანოს“ უმასპინძლა და 2:0 მოუგო. ქართველმა ნახევარმცველმა „ბაზელის“ ფორმით 9 მარტის შემდეგ პირველად ითამაშა – მან გუნდის ლიდერი შაჩირი 87-ე წუთზე შეცვლა.

სანდრო ალთუნაშვილის „ვოლფსბერგერი“ ავსტრიის ბუნდესლიგაში ერთ-ერთ ფავორიტs ვენის „აუსტრიას“ დაუზავდა – 0:0. ქართველი ნახევარმცველი სამატჩო განაცხადში არ იყო – სანდროს 15 თებერვლის შემდეგ არ უთამაშია.

ჩეხეთის ჩემპიონატში ვახტანგ ჭანტურიშვილის „იაბლონეცმა“ „ტეპლიცე“ გასვლით მატჩში 1:0 დაამარცხა. ქართველმა ლეგიონერმა 90 წუთი ჩაატარა და ერთ-ერთი ყველაზე მაღალი შეფასება დაიმსახურა – 7.5 ქულა.