ქართველი ლეგიონერები | შოთა ნონიკაშვილმა გოლი გაიტანა - გიორგი კვერნაძის „ფროზინონემ“ ისევ მოიგო #1TVSPORT
ქართველი ლეგიონერები | შოთა ნონიკაშვილმა გოლი გაიტანა - გიორგი კვერნაძის „ფროზინონემ“ ისევ მოიგო #1TVSPORT

გიორგი კვერნაძის „ფროზინონემ“ იტალიის სერია B-ის 33-ე ტურში „პადოვა“ მიიღო და 2:0 დაამარცხა. ქართველი თავდამსხმელი ძირითად შემადგენლობაში იყო და 74 წუთი ითამაშა. სეზონის დასრულებამდე 5 ტურით ადრე „ფროზინონე“ 68 ქულით „მონცასთან“ ერთად გათამაშებას ლიდერობს.

უკრაინის პრემიერლიგაში „ჩერკასის“ შემადგენლობაში თავი შოთა ნონიკაშვილმა გამოიჩინა და გუნდს სტუმრად „კრივბასის“ 3:0 დამარცხებაში დაეხმარა. ქართველი ნახევარმცველი მოედანზე 79-ე წუთზე შევიდა და 5 წუთში ახლო მანძილიდან დარტყმით საბოლოო ანგარიში დააფიქსირა. მიმდინარე სეზონში მას უკვე 3 გოლი აქვს გატანილი და 2 საგოლე გადაცემა შესრულებული. „ჩერკასი“ დონეცკის „შახტართან“ ერთად, 50-50 ქულით, ჩემპიონატის ლიდერია.

ლაშა დვალის სოფიის „ცსკა 1948“ რაზგრადში „ლუდოგორეცს“ ესტუმრა და 0:3 დამარცხდა. საქართველოს ნაკრების მცველმა ბულგარეთის ჩემპიონატის შეხვედრა შეუცვლელად ითამაშა. მისი გუნდი 53 ქულით მესამე ადგილზეა, ხოლო „ლუდოგორეცმა“ ამ გამარჯვებით უპირატესობა 6 ქულამდე გაზარდა.