ქართველი ლეგიონერები | ნოდარ ლომინაძემ ისევ ძირითად შემადგენლობაში ითამაშა - „ეშტორილმა“ პორტუგალიის ჩემპიონატში ქულა მოიპოვა #1TVSPORT
ქართველი ლეგიონერები | ნოდარ ლომინაძემ ისევ ძირითად შემადგენლობაში ითამაშა - „ეშტორილმა“ პორტუგალიის ჩემპიონატში ქულა მოიპოვა #1TVSPORT

ნოდარ ლომინაძე კვლავ მოხვდა „ეშტორილის“ ძირითად შემადგენლობაში. ქართველი ნახევარმცველის გუნდი პორტუგალიის ჩემპიონატის ეგიდით „ტონდელას“ ესტუმრა და ქულა მოიპოვა – 2:2. საქართველოს ეროვნული ნაკრების ახალწვეული 67-ე წუთზე შეცვალეს.

ერთმატჩიანი პაუზის შემდეგ, რომელიც მცირე ტრავმით იყო გამოწვეული, გიორგი ქვილითაია ლიმასოლის „არისს“ დაუბრუნდა. ქართველი თავდამსხმელი „არადიპუსთან“ გასვლით მატჩში მოედანზე მეორე ტაიმის დასაწყისიდანვე გამოჩნდა – „არისმა“ შეხვედრა 1:0 მოიგო.

ცოტნე ფაცაცია „ტირანას“ შემადგენლობაში გამოჩნდა ალბანეთის ჩემპიონატში „ვორასთან“ გასვლით შეხვედრაში. მატჩი მასპინძლებმა 3:1 მოიგეს. 25 წლის ქართველმა ნახევარმცველმა ახალ გუნდში შეუცვლელად პირველად ითამაშა.

ესპანურ „ხიხონში“ ჩაშლილი ტრანსფერის შემდეგ ლაშა ოდიშარია „რფს“-ს დაუბრუნდა. თუმცა ლატვიის ჩემპიონატში „აუდასთან“ გასვლით შეხვედრაში ქართველი შემტევი სამატჩო განაცხადში არ იყო.

უკრაინის ჩემპიონატში ირაკლი აზაროვის „შახტარმა“ „ოლეკსანდრიასთან“ საშინაო მატჩში 2:0 მოიგო. დონეცკელთა მთავარმა მწვრთნელმა, არდა თურანმა დიდი ხნის პაუზის შემდეგ ქართველი მცველი ძირითად შემადგენლობაში დააყენა და შეუცვლელად ათამაშა.

ანზორ მექვაბიშვილის კრაიოვის „უნივერსიტატეა“ რუმინეთის სუპერლიგაში „ბოტოშანს“ სტუმრად დაუზავდა – 1:1. ქართველმა ნახევარმცველმა მატჩი შეუცვლელად ჩაატარა.