ქართველი ლეგიონერები | მექვაბიშვილის და სიგუას გუნდები ლიდერები არიან – კაშიას „სლოვანი“ მოულოდნელად დამარცხდა #1TVSPORT
ქართველი ლეგიონერები | მექვაბიშვილის და სიგუას გუნდები ლიდერები არიან – კაშიას „სლოვანი“ მოულოდნელად დამარცხდა #1TVSPORT

უნგრეთის ჩემპიონატში „ზალაეგერსეგი“ შინ ნიკა კვეკვესკირის „ნირედიჰაზას“ დაუზავდა – 0:0. ქართველმა ნახევარმცველმა შეცვლაზე 13 წუთი ითამაშა. დავით კობოურისა და გიორგი ბერიძის „უიპეშტი“ ილია ბერიაშვილის მტკ-სთან 1:5 დამარცხდა. მოედანზე მხოლოდ ბერიძე იყო – კობოურს არ უთამაშია, ბერიაშვილი კი ჯერ კიდევ მკურნალობს.

უკრაინის პრემიერ ლიგაში ირაკლი აზაროვს არ უთამაშია დონეცკის „შახტარში“, რომელმაც საშინაო შეხვედრაში „ოლეკსანდრიას“ 3:0 სძლია. ქართველების გარეშე ჩაიარა ოდესის „ჩორნომორეცისა“ და „ლივი ბერეგის“ მატჩმაც – მასპინძელთა მწვრთნელმა გიორგი რობაქიძე სათადარიგოებში დატოვა, ხოლო ლუკა ლაცაბიძეს მცირე ტრავმა აწუხებს.

მალტის პრემიერლიგაში თედო კიკაბიძის „სლიმა“ სერგო კუხიანიძის „მარსაქსლოკთან“ 0:1 დამარცხდა. ორივე ქართველი მოედანზე მატჩის ბოლოს, შეცვლაზე გამოჩნდა.

რუმინეთში გაიმარჯვა ანზორ მექვაბიშვილის კრაიოვას „უნივერსიტატეამ“, რომელმაც შინ კონსტანტას „ფარულს“ 1:0 აჯობა. საქართველოს ნაკრების ნახევარმცველი გუნდის ძირითად შემადგენლობაში იყო და 89-ე წუთზე შეცვალეს. კრაიოველები რუმინეთის სუპერლიგაში ლიდერობენ. ასევე პირველ ადგილზეა შვეიცარიის სუპერ ლიგაში „ბაზელი“, რომელმაც „სიონს“ 2:0 სძლია. მასპინძელთა შემადგენლობაში გაბრიელ სიგუა 62-ე წუთზე გამოჩნდა.

სლოვაკეთის ლიგაში „ბანსკა ბისტრიცასთან“ მოგებულ (2:1) შეხვედრაში „ჟილინას“ ფორმით შეცვლაზე გამოჩნდა ალექსანდრე ნარიმანიძე. „დუნაისკა სტრედაში“, რომელმაც „რუჟომბეროკი“ 3:0 დაამარცხა, ძალიან კარგი თამაში ჩაატარა ცოტნე კაპანაძემ და მაღალი შეფასება – 7,9 ქულა დაიმსახურა. გურამ კაშიამ უკაპიტნა „სლოვანს“, რომელიც მოულოდნელად შინ „ტრნავასთან“ 0:1 დამარცხდა.

იტალიის სერია B-ში ლუკა ლოჩოშვილის „სალერნიტანა“ „ჩეზენას“ ესტუმრა და 0:2 დამარცხდა. გიორგი კვერნაძე 87-ე წუთზე გამოჩნდა „ფროზინონეში“, რომელმაც შინ „მანტოვა“ 2:1 დაამარცხა. ორივე გუნდი გავარდნის ზონაშია.