ქართველი ლეგიონერები | ლუკა ლოჩოშვილმა „ნიურნბერგის“ რიგებში პირველი გამარჯვება მოიპოვა #1TVSPORT
ქართველი ლეგიონერები | ლუკა ლოჩოშვილმა „ნიურნბერგის“ რიგებში პირველი გამარჯვება მოიპოვა #1TVSPORT

გიორგი გულიაშვილმა კვლავ შეუცვლელად ითამაშა „სარაევოში“, რომელმაც ბოსნიის ჩემპიონატში მოსტარის „ველეჟს“ შინ 2:0 სძლია. საქართველოს ნაკრების თავდამსხმელმა გოლითა და საგოლე გადაცემით თავი ვერ გამოიჩინა.

ლუკა გადრანმა ისრაელის ჩემპიონატში სადებიუტო შეხვედრა მაღალ დონეზე ჩაატარა. ქართველი მცველის გუნდმა, „ბეითარმა“ საკუთარ არენაზე „კირიათ შმონა“ 2:1 დაამარცხა. გადრანმა 70 წუთი ითამაშა და 7,5 შეფასება დაიმსახურა. ამავე ლიგაში საბა ხვადაგიანმა შეუცვლელად ითამაშა ნეთანიას „მაკაბიში“, რომელმაც „ირონი“ 5:2 დაამარცხა.

სლოვაკეთის ჩემპიონატში გურამ კაშიას „სლოვანმა“ ცოტნე კაპანაძის და გიორგი გაგუას „დუნაისკა სტრედას“ უმასპინძლა და დაძაბულ ბრძოლაში 3:2 სძლია. კაშიამ და კაპანაძემ შეუცვლელად ითამაშეს, გაგუა კი მოედანზე 90-ე წუთზე შევიდა.

გერმანიის მეორე ბუნდესლიგაში ლუკა ლოჩოშვილის „ნიურნბერგმა“ „ბოხუმს“ უმასპინძლა და სეზონში პირველი გამარჯვება იზეიმა – 2:1. საქართველოს ნაკრების მცველმა შეუცვლელად ითამაშა და კარგი შეფასება დაიმსახურა – 7,2 ქულა.

იტალიის სერია A-ს მორიგ ტურში „მილანთან“ წაგებულ შეხვედრაში საბა გოგლიჩიძე „უდინეზეს“ სათადარიგოებში დარჩა – 0:3. ივა გელაშვილმა კი შეუცვლელად ითამაშა „პანსერაიკოსის“ შემადგენლობაში, რომელიც საბერძნეთის სუპერლიგაში შინ „ატრომიტოსს“ დაუზავდა – 1:1.

საბა მამაცაშვილის „კალმარმა“ შვედეთის სუპერეტანში „სანდვიკენი“ 4:0 დაამარცხა. ქართველმა მცველმა შეუცვლელად ითამაშა და მისი საგოლე გადაცემით მასპინძლებმა მეოთხე გოლი გაიტანეს. „კალმარი“ (48) „ორგრიტთან“ (48) ერთად გათამაშების ლიდერია.

უზბეკეთის სუპერლიგაში დუბლი შეასრულა „ბუხარას“ ქართველმა თავდამსხმელმა, თომა ტაბატაძემ, რომელმაც „ნავბახორთან“ მოგებულ (5:0) მატჩში თავი მე-4 და 41-ე წუთებზე გამოიჩინა.

ირაკლი ეგოიანი ერთ-ერთი საუკეთესო იყო „ექსელსიორის“ შემადგენლობაში, რომელმაც ნიდერლანდების ერედივიზიონის გასვლით დაპირისპირებაში „ვოლენდამი“ 2:1 დაამარცხა. საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების ნახევარმცველმა მაღალი შეფასება – 7,5 ქულა მიიღო.