ქართველი ლეგიონერები | ლუკა გადრანი მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად აღიარეს, გიორგი ჩაკვეტაძე მოედანზე დაბრუნდა #1TVSPORT
ლუკა გადრანის იერუსალიმის „ბეითარი“ ფეთაჰ-თიკვაში „ჰაპოელს“ ესტუმრა და 3:1 დაამარცხა, ქართველი მცველი კი მატჩის საუკეთესო მოთამაშედ დაასახელეს.
ლიგა ჰაალის (ისრაელის ჩემპიონატი) მე-19 ტურის შეხვედრაში გადრანი სტუმართა ძირითად შემადგენლობაში იყო, სრულად 90 წუთი ითამაშა და 8,1 ქულა დაიმსახურა.
28 წლის მცველის მაღალი შეფასება მის სტატისტიკაშიც აისახა – მან გუნდი გოლისგან გადაარჩინა, არაერთი შეტევა ჩაშალა, ორთაბრძოლების უმეტესობა მოიგო, შეტევაშიც აქტიურად ჩაერთო და ორჯერ დაარტყა კარში. გარდა ამისა, გადრანის პასების 90 პროცენტი ზუსტი აღმოჩნდა.
19 ტურის შემდეგ „ბეითარმა“ 45 ქულა დააგროვა და პირველ ადგილზეა, თუმცა მთავარ კონკურენტ „ბეერ შევას“ (42) ერთი მატჩი მარაგში აქვს.
მცირე დისკომფორტის გამო ერთმატჩიანი პაუზის შემდეგ საქართველოს ნაკრების შემტევი გიორგი ჩაკვეტაძე „უოტფორდის“ შემადგენლობაში დაბრუნდა. მისმა გუნდმა ინგლისის ჩემპიონშიპში კონკურენტ „მილუოლს“ უმასპინძლა და 0:2 დამარცხდა.
ქართველი ფეხბურთელი „უოტფორდის“ რიგებში ერთ-ერთი საუკეთესო იყო, მუდმივად ცდილობდა გამწვავებას და მეტოქის კართან სახიფათო მომენტების შექმნას.
ამჟამად „უოტფორდი“ 41 ქულით ჩემპიონატში მეექვსე ადგილზეა.