ქართველი ლეგიონერები | გუგეშაშვილმა „გიოზტეპეს“ რიგებში პირველად ითამაშა, ხორხელმა სლოვაკეთში გაიტანა #1TVSPORT
ლუკა ხორხელმა სლოვაკეთის ჩემპიონატის ახალ სეზონში პირველი გოლი გაიტანა და ტრნავის „სპარტაკს“ „ბანსკა ბისტრიცას“ დამარცხებაში დაეხმარა – 3:0.
ნაიკის ლიგის მე-3 ტურში ქართველი ნახევარმცველი ტრნაველთა ძირითად შემადგენლობაში იყო და შეუცვლელად ითამაშა. „ბანსკა ბისტრიცას“ კარი მან 39-ე წუთზე აიღო და ანგარიში 2:0 გახადა.
თორნიკე ძოწენიძის „მიხალოვცე“ შინ „კომარნოს“ 1:1 დაუზავდა. მასპინძელთა ქართველმა მცველმა შეხვედრა შეუცვლელად ჩაატარა და მაღალი შეფასებაც დაიმსახურა – 8.0 ქულა.
ლუკა სილაგაძის „პოდბრეზოვამ“ სტუმრად „რუჟომბეროკს“ დიდი ანგარიშით, 4:1 სძლია. ქართველი შემტევი ნახევარმცველი მოედანზე 81-ე წუთზე გამოჩნდა.
ლუკა გუგეშაშვილმა ახალი გუნდის, „გიოზტეპეს“ რიგებში პირველად ითამაშა. ამხანაგურ მატჩში მისი გუნდი „ტრაბზონსპორს“ დაუპირისპირდა და 2:1 დაამარცხა.
საქართველოს ნაკრების მეკარე თავიდან სათადარიგოთა სკამზე იყო, მოედანზე კი 46-ე წუთზე გამოვიდა. მას მოაჰამედ სალაჰის წინააღმდეგ თამაში არ მოუწია – მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ „ტრაბზონსპორის“ ეგვიპტელი ვარსკვლავი ჯერ კიდევ ისვენებს.
ამ შეხვედრით „გიოზტეპემ“ სეზონისთვის მზადება დაასრულა. გუნდი თურქეთის სუპერლიგის პირველ ტურში 17 აგვისტოს სტუმრად „სამსუნსპორს“ დაუპირისპირდება.