ქართველი ლეგიონერები | გოჩოლეიშვილი „კოპენჰაგენს“ დაუბრუნდა, აზაროვმა შეუცვლელად ითამაშა #1TVSPORT
ილია ბერიაშვილი ზედიზედ მესამედ მოხვდა მტკ-ის ძირითად შემადგენლობაში, რომელიც უნგრეთის ჩემპიონატის ლიდერ „პუშკაშ აკადემიას“ ესტუმრა და ქულა მოიპოვა – 1:1. ქართველმა მცველმა ტრავმის შემდეგ ძირითადში ადგილი დაიბრუნა და ფორმაში შევიდა. „თელავის“ ყოფილმა კაპიტანმა საკმაოდ მაღალი შეფასება, 7.1 ქულა მიიღო.
„ფეჰერვარის“ სასტარტო თერთმეტეულში სანდრო კალანდაძე სტაბილურად ხვდება – ქართველის გუნდმა „ზალაეგერსეგს“ უმასპინძლა და 0:2 დამარცხდა. 23 წლის ქართველმა მცველმა შეუცვლელად ითამაშა.
„უიპეშტმა“ (დავით კობოური, გიორგი ბერიძე) გასვლაზე „ფერენცვაროშთან“ 0:2 წააგო. ბერიძემ 90 წუთი ითამაშა, კობოური კი სათადარიგოთა სკამზე დარჩა.
უკრაინის პრემიერლიგაში ირაკლი აზაროვმა შეუცვლელად ითამაშა „შახტარის“ შემადგენლობაში – დონეცკელებმა შინ გიორგის კუციას „ვერესს“ უმასპინძლეს და 3:0 დაამარცხეს. კუცია სტუმართა განაცხადში იყო, მაგრამ მოედანზე არ გამოჩენილა.
სამმატჩიანი პაუზის შემდეგ გიორგი გოჩოლეიშვილი „კოპენჰაგენს“ დაუბრუნდა – ქართველი მცველი დანიის სუპერლიგაში ტრავმირებული თანაგუნდელის ნაცვლად „ნორდსიელანდთან“ გასვლით შეხვედრაში 28-ე წუთზე გამოჩნდა და დამაჯერებლად ითამაშა. მისმა გუნდმა 1:0 გაიმარჯვა და კონკურენტ „მიდტიულანდთან“ უპირატესობა შეინარჩუნა.