ქართველი ლეგიონერები | გიორგი მიქაუტაძის „ვილიარეალმა“ „ატლეტიკი“ დაამარცხა, ლუკა გადრანმა მაღალი შეფასება დაიმსახურა #1TVSPORT
გიორგი მიქაუტაძის „ვილიარეალი“ ბილბაოში „ატლეტიკს“ ესტუმრა და დაძაბულ შეხვედრაში 2:1 მოიგო.
„სან მამესზე“ გამართულ 31-ე ტურის შეხვედრაში სტუმრები სერხი კარდონას (26) და ალფონსო გონსალესის (45+5) გოლებით პირველივე ტაიმში კომფორტული უპირატესობით დაწინაურდნენ.
გიორგი მიქაუტაძე მოედანზე 69-ე წუთზე შევიდა, ათ წუთში კი მოედნის ცენტრიდან სცადა გატანა – ბურთი „ატლეტიკისა“ და ესპანეთის ნაკრების მეკარეს, უნაი სიმონს თავზე გადაუგდო, თუმცა კარგი ჩანაფიქრის განსახორციელებლად სანტიმეტრები დააკლდა.
84-ე წუთზე გურუზეტამ სხვაობა მინიმუმამდე შეამცირა, მაგრამ ბასკებმა თამაშის გადარჩენა ვეღარ მოახერხეს და 31 ტურის შემდეგ 61 ქულით „ვილიარეალმა“ ლა ლიგის სატურნირო ცხრილში სამეულში ადგილი განიმტკიცა.
გიორგი გოჩოლეიშვილის „ჰამბურგმა“ გერმანიის ბუნდესლიგაშის „შტუტგარტს“ სტუმრად წინააღმდეგობა ვერ გაუწია და 0:4 დამარცხდა. გერმანიის ბუნდესლიგის 29-ე ტურში საქართველოს ნაკრების მცველი მოედანზე 72-ე წუთზე შევიდა.
ისრაელის ჩემპიონატში, იერუსალიმის გუნდების დაპირისპირებაში „ბეითარმა“ გასვლაზე „ჰაპოელს“ 2:0 სძლია. საქართველოს ნაკრების მცველმა, ლუკა გადრანმა მატჩი შეუცვლელად ჩაატარა და მაღალი შეფასება მიიღო – 7,8 ქულა.
ილია ბერიაშვილმა 90 წუთი ითამაშა ბუდაპეშტის „მტკ“-ში, რომელმაც უნგრეთის ჩემპიონატის 29-ე ტურის საშინაო შეხვედრაში ერთ-ერთი ლიდერი „ზალაეგერშეგი“ 3:0 დაამარცხა. „ჯვაროსნების“ მცველმა მატჩი კარგად ჩაატარა და 7.3 ქულა მიიღო.
სლოვაკეთის ჩემპიონატის ფავორიტების ჯგუფში მე-5 ტურის მატჩები გაიმართა. სანდრო ნარიმანიძის „ჟილინამ“ საჩემპიონო ჯგუფში გასვლაზე „პოდბრეზოვა“ 5:1 დაამარცხა. საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრების კაპიტანმა სტუმართა რიგებში შეუცვლელად ითამაშა.
„დუნაისკა სტრედამ“ შინ „მიხალოვცეს“ უმასპინძლა და 2:0 სძლია. მასპინძელთა რიგებში გიორგი გაგუა და ცოტნე კაპანაძე მოედანზე 61-ე წუთზე შევიდნენ, ხოლო სტუმართა სასტარტო თერთმეტეულში იყო თორნიკე ძოწენიძე, რომელმაც 74-ე წუთზე ბურთი საკუთარ კარში ჩაჭრა.