ქართველი ლეგიონერები | გაგუამ მაღალი შეფასება დაიმსახურა, ძოწენიძე მატჩის საუკეთესო მოთამაშედ აღიარეს, ქოჩორაშვილის დებიუტი გადაიდო #1TVSPORT
სლოვაკეთის ჩემპიონატში გიორგი გაგუასა და ცოტნე კაპანაძის „დუნაისკა სტრედამ“ ლუკა სილაგაძის „პოდბრეზოვა“ მიიღო და 5:0 დაამარცხა. ძირითად შემადგენლობაში გაგუამ და სილაგაძემ ითამაშეს, კაპანაძე კი სამატჩო განაცხადში ვერ მოხვდა, რისი მიზეზიც უცნობია.
გაგუამ შესანიშნავი მატჩი ჩაატარა – მართალია, მხოლოდ საგოლე გადაცემა შეასრულა, თუმცა მეორე საუკეთესო შეფასება, 9.1 ქულა დაიმსახურა. გიორგიმ ახალ სეზონში ყველა ტურნირზე (სლოვაკეთის ჩემპიონატსა და კონფერენსლიგაზე), ჯამში. 8 მატჩი ჩაატარა და მის ანგარიშზე უკვე 6 საგოლე მოქმედებაა – 2 გოლი და 4 შედეგიანი გადაცემა.
***
თორნიკე ძოწენიძის „მიხალოვცემ“ შინ ლევან ნონიკაშვილის „სკალიცა“ 2:0 დაამარცხა. ორივე ქართველი სასტარტო შემადგენლობაში ვიხილეთ. საბოლოოდ, 8.3 ქულით ძოწენიძე მატჩის საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა.
***
გიორგი ქოჩორაშვილის „სევილია“ ლა ლიგაში ბილბაოს „ატლეტიკს“ ესტუმრა და მეტოქე დამაჯერებლად, 3:1 დაამარცხა.
საქართველოს ნაკრების ნახევარმცველი „სევილიაში“ ოფიციალურად 21 აგვისტოს გადავიდა. მეორე დღეს ის უკვე გუნდის განაცხადში იყო, თუმცა ესპანეთის ჩემპიონატის მე-2 ტურის დაპირისპირებას სათადარიგოთა სკამიდან ადევნებდა თვალს, შესაბამისად, მისმა დებიუტმა შემდეგი ტურისთვის გადაიწია.
თამაში „სევილიისთვის“ იღბლიანად დაიწყო, რადგან არბიტრმა მე-11 წუთზე ბასკებს ბერჩიჩე გაუძევა. ამით სტუმრებმა მალევე ისარგებლეს და მე-15 წუთზე ოსოს გოლით დაწინაურდნენ. მეორე ტაიმში მათ ეჯუკესა (50) და რომეროს (57) გოლებით კომფორტული უპირატესობა მოიპოვეს, მასპინძელთა მხრიდან პარედესის (70) გატანილმა გოლმა კი თამაშის ბედი ვეღარ შეცვალა.