ქართველი ლეგიონერები ევროტურნირებზე - კიტეიშვილისა და გუგეშაშვილის გუნდები გათამაშებას გამოეთიშნენ #1TVSPORT
ქართველი ლეგიონერები ევროტურნირებზე - კიტეიშვილისა და გუგეშაშვილის გუნდები გათამაშებას გამოეთიშნენ #1TVSPORT

გრაცის „შტურმი“, სადაც ოთარ კიტეიშვილი თამაშობს, კონფერენს ლიგის მერვედფინალში საფრანგეთში „ლილს“ დაუპირისპირდა და ორი მატჩის ჯამში ტურნირს გამოეთიშა.

„შტურმმა“ პირველი შეხვედრა შინ 0:3 წააგო და, ბუნებრივია, ამ წყვილში ფავორიტად „ლილი“ მიიჩნეოდა. ფრანგებმა საპასუხო თამაშიც ისე წარმართეს, რომ შემდეგ ეტაპზე გასვლა აღარ გასჭირვებიათ – ორი მატჩის ჯამში 4:1 მოიგეს (3:0, 1:1).

ოთარ კიტეიშვილი ძირითად შემადგენლობაში იყო, პირველ ტაიმში ორჯერ სცადა გოლის გატანა, მაგრამ მისი დარტყმები არაზუსტი გამოდგა. პირველი ტაიმის შემდეგ მწვრთნელმა კიტეიშვილი შეცვალა.

ევროპის ლიგის მერვედფინალში „ყარაბაღი“, სადაც ლუკა გუგეშაშვილი ასპარეზობს, სტუმრად „ლევერკუზენს“ შეხვდა (ამ გუნდების პირველი მატჩი 2:2 დასრულდა).

ქართველი მეკარე სათადარიგოებში იყო. აზერბაიჯანის ჩემპიონს მოგება შეეძლო – ისევე როგორც პირველ მატჩში, „ყარაბაღი“ ამჯერადაც 2:0-ს იგებდა. აღსანიშნავია, რომ აზერბაიჯანულმა გუნდმა მეორე გოლი 67-ე წუთზე გაიტანა, როდესაც მოედანზე 10 ფეხბურთელით იყო დარჩენილი (არბიტრმა მათი მოთამაშე უხეშობისთის გააძევა).

მაგრამ გერმანელებმა მტკიცე ხასიათი გამოავლინეს და საბოლოოდ 3:2 მოიგეს. „ლევერკუზენის“ ჩეხმა თავდამსხმელმა, პატრიკ შიკმა გადამწყვეტი გოლები 90+3-ე და 90+8-ე წუთებზე გაიტანა და გუნდს ორი მატჩის ჯამში 5:4 (2:2, 3:2) გამარჯვება და ევროპალიგის მეოთხედფინალის საგზური მოაპოვებინა.