ქართველი ლეგიონერები | ბუდუ ზივზივაძემ შეუცვლელად ითამაშა, „უოტფორდისა“ და „ლესტერის“ მატჩი ფრედ დასრულდა #1TVSPORT
ქართველი ლეგიონერები | ბუდუ ზივზივაძემ შეუცვლელად ითამაშა, „უოტფორდისა“ და „ლესტერის“ მატჩი ფრედ დასრულდა #1TVSPORT

ბუდუ ზივზივაძის „ჰაიდენჰაიმმა“ გერმანიის ბუნდესლიგაში ჩემპიონთა ლიგის საგზურისთვის მებრძოლ ლევერკუზენის „ბაიერს“ უმასპინძლა და უხვგოლიან დაპირისპირებაში ქულა მოიპოვა – 3:3.

საქართველოს ნაკრების თავდამსხმელი „ჰაიდენჰაიმის“ ძირითად შემადგენლობაში იყო და შეუცვლელად ითამაშა. მიუხედავად იმისა, რომ „ლევერკუზენი“ ორჯერ დაწინაურდა (0:2 და 2:3), მასპინძლებმა მატჩის გადარჩენა მაინც შეძლეს.

ბუნდესლიგაში ჩატარებული 27 ტურის შემდეგ „ჰაიდენჰაიმი“ 15 ქულით ბოლო ადგილზეა და მეორე ბუნდესლიგაში გავარდნის რეალური კანდიდატია.

ინგლისის ჩემპიონშიფში „უოტფორდმა“ ერთ-ერთ აუტსაიდერს, „ლესტერს“ უმასპინძლა და ქულას დასჯერდა – 0:0.

საქართველოს ნაკრების მცველმა, საბა გოგლიჩიძემ მატჩი გამოტოვა, რადგან შეხვედრის წინ ვარჯიშზე ტრავმა მიიღო. გიორგი ჩაკვეტაძე კი მასპინძელთა ძირითად შემადგენლობაში იყო და 66-ე წუთზე შეცვალეს. ჩემპიონშიფში ჩატარებული 39 ტურის შემდეგ გუნდი 56 ქულით მე-9 ადგილზეა, თუმცა პრემიერლიგის პლეიოფის ზონას მხოლოდ 4 ქულით ჩამორჩება.

ესპანეთის ლა ლიგა 2-ში გიორგი გულიაშვილის სანტანდერის „რასინგი“ საკუთარ მოედანზე მე-14 ადგილზე მყოფ „ალბასეტესთან“ მოულოდნელად 0:4 დამარცხდა. „რასინგმა“ 31 ტურის შემდეგ 59 ქულით პირველი ადგილი მაინც შეინარჩუნა.