ქართველი ლეგიონერები - აზაროვი „ცრვენა ზვეზდას“ ძირითადში მკვიდრდება, მარგველაშვილმა „სკოპიეს“ გაუტანა [ვიდეო] #1TVSPORT
ქართველი ლეგიონერები - აზაროვი „ცრვენა ზვეზდას“ ძირითადში მკვიდრდება, მარგველაშვილმა „სკოპიეს“ გაუტანა [ვიდეო] #1TVSPORT

პოლონეთის ჩემპიონატში ქართველების გუნდებმა ტურის მატჩები ჩაატარეს. „ზაგლებიემ“ პოლონეთის ვიცე-ჩემპიონ „რაკუვს“ უმასპინძლა და 1:2 დამარცხდა. მასპინძელთა შემადგენლობაში თორნიკე გაფრინდაშვილმა ითამაშა, გურამ გიორბელიძე კი მოედანზე 88-ე წუთზე შევიდა.

პოზნანის „ლეხმა“ გასვლაზე „იაგელონიას“ 2:1 სძლია. სასტარტო თერთმეტეულში იყო გიორგი წიტაიშვილი (88 წუთი ითამაშა), ხოლო ნიკა კვეკვესკირი სათადარიგოებში დარჩა. კელჩეს „კორონა“ შინ 0:1 დამარცხდა „ვიძევთან“. ლუკა ზარანდია მასპინძელთა განაცხადში ბოლო დროს აღარ ფიქსირდება, რადგან ტრავმა აქვს. ასევე არ იყო განაცხადში ტრავმირებული ოთარ კაკაბაძე, რომლის „კრაკოვია“ პლოცკის „ვისლასთან“ 0:1 დამარცხდა.

ირაკლი აზაროვი ბოლო ორი მატჩია, ბელგრადის „ცრვენა ზვეზდას“ ძირითად შემადგენლობაში ხვდება, რაც საქართველოს ნაკრების მოთამაშისთვის კარგი ფაქტია. სერბეთის ჩემპიონატის ლიდერმა გასვლაზე „რადნიკი“ 2:1 დაამარცხა, „ჯვაროსნების“ მცველმა შეუცვლელად ითამაშა. 19 ტურის შემდეგ „ცრვენა ზვეზდამ“ 53 ქულა დააგროვა და ჩემპიონატის ლიდერია.

ჩრდილოეთ მაკედონიის ჩემპიონატში გოლი გაიტანა გაგი მარგველაშვილმა – 26 წლის ქართველი ლეგიონერის „შკუპიმ“ „სკოპიე“ 3:1 დაამარცხა, ქართველმა მცველმა მეტოქის კარი 22-ე წუთზე აიღო, როდესაც ანგარიში 1:1 იყო და მისი გოლით „შკუპიმ“ მატჩის შემოტრიალება მოახერხა. თუმცა, მოქმედი ჩემპიონი 25 ქულით მეორე ადგილზეა და ლიდერ „სტრუგას“ ხუთი ქულით ჩამორჩება. აღსანიშნავია, რომ მარგველაშვილმა მიმდინარე სეზონში მესამე გოლი გაიტანა.