ქართველი ლეგიონები | გადრანის „ბეითარი“ ისრაელის ჩემპიონატის ლიდერს წამოეწია, მექვაბიშვილის „უნივერსიტატეა“ კრაიოვაში ვარჯიშს ვერ ახერხებს #1TVSPORT
ქართველი ლეგიონები | გადრანის „ბეითარი“ ისრაელის ჩემპიონატის ლიდერს წამოეწია, მექვაბიშვილის „უნივერსიტატეა“ კრაიოვაში ვარჯიშს ვერ ახერხებს #1TVSPORT

ირაკლი ეგოიანის „ექსელსიორი“ ეინდჰოვენში ერედივიზიეს ერთპიროვნულ ლიდერს, პსვ-ს ესტუმრა და 1:5 დამარცხდა. საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების ნახევარმცველმა შეხვედრა შეუცვლელად ჩაატარა. „ექსელსიორი“ 19 ქულით მე-14 ადგილზეა და აუტსაიდერთა ზონას ოთხი ქულით ასწრებს.

ლა ლიგა 2-ის 21-ე ტურში გიორგი გულიაშვილის ახალმა გუნდმა, სანტანდერის „რასინგმა“ ერთ-ერთ აუტსაიდერს, „სარაგოსას“ უმასპინძლა და მოულოდნელად 2:3 დამარცხდა. კონტრაქტის გაფორმების მიუხედავად, ქართველი ფეხბურთელი ამ შეხვედრაში გუნდის განაცხადში ჯერ არ იყო. 21 ტურის შემდეგ „რასინგი“ 38 ქულით ლიდერია – ამდენივე ქულა აქვს „ლას პალმასსაც“, რომელიც დამატებითი მაჩვენებლებით მეორე ადგილზე იმყოფება.

ლუკა გადრანმა მორიგი შესანიშნავი მატჩი ჩაატარა იერუსალიმის „ბეითარში“, რომელმაც ისრაელის ჩემპიონატის საშინაო შეხვედრაში „ბნეი რეინა“ 2:0 დაამარცხა. ქართველმა მცველმა სრულად ითამაშა და მაღალი შეფასება – 7.5 ქულა დაიმსახურა. „ბეითარს“ 42 ქულა აქვს და ლიდერ „ბეერ-შევას“ დაეწია, თუმცა დამატებითი მაჩვენებლებით მეორე ადგილზეა.

გიორგი ბერიძისა და დავით კობოურის „უიპეშტმა“ სლოვაკური „კოშიცე“ 2:1 დაამარცხა. უნგრულ გუნდში გიორგი ბერიძემ ითამაშა. სანდრო კალანდაძის პლოცკის „ვისლამ“ ამავე ანგარიშით რუმინულ ბუქარესტის „რაპიდს“ 2:1 სძლია.

ანზორ მექვაბიშვილის კრაიოვის „უნივერსიტატეა“ „შტუტგარტის“ დუბლშემადგენლობას დაუპირისპირდა და 2:3 დამარცხდა. გუნდებმა სამი ტაიმი ითამაშეს. ქართველმა ნახევარმცველმა შეხვედრა ძირითად შემადგენლობაში დაიწყო, გარკვეული დროით დაასვენეს და მესამე ტაიმშიც მოედანზე დაბრუნდა.

„უნივერსიტატეა“ სეზონს 19 იანვარს „პეტროლულთან“ მატჩით განაახლებს და, წესით, ამის შემდეგ რუმინეთში უნდა დაბრუნებულიყო, თუმცა კრაიოვაში გამოცხადებული უამინდობის გამო ანტალიაში შეკრების გახანგრძლივება გადაწყდა. კრაიოველები თურქეთში პარასკევამდე, 16 იანვრამდე დარჩებიან.

გიორგი ტაბატაძის „ვეილემ“ დანიური დაბალი ლიგის წარმომადგენელი „ბ93“ 4:0 დაამარცხა, ხოლო ილია ბერიაშვილის ბუდაპეშტის მტკ-მ შინ ასევე დაბალლიგელ „კოზარმისლენთან“ 5:2 გაიმარჯვა. ქართველი მცველი ძირითად შემადგენლობაში იყო.