ქართული გოლები ევროპაში - კიტეიშვილმა და ქვილითაიამ გაიტანეს
ქართული გოლები ევროპაში - კიტეიშვილმა და ქვილითაიამ გაიტანეს

ოთარ კიტეიშვილმა ზედიზედ მეორე შეხვედრაში გაიტანა. ავსტრიული ბუნდესლიგის 31-ე ტურში ქართველმა ფეხბურთელმა გრაცის „შტურმიდან“, „ზალცბურგთან“ შეხვედრაში გოლი 27-ე წუთზე გაიტანა და ანგარიში გაათანაბრა 1:1, თუმცა „ზალცბურგმა“ მასპინძელთა კარი მეორედაც აიღო, 1:2 მოიგო და ჩემპიონობა ვადაზე ადრე გაინაღდა.

კიტეიშვილმა თამაში ძირითად შემადგენლობაში დაიწყო და შეუცვლელად ითამაშა. მან 26 შეხვედრაში მეოთხე გოლი გაიტანა. ფინალურ ექვსეულში „შტურმი“ 24 ქულით მეხუთე ადგილზეა. ავსტრიის ჩემპიონატის დასრულებამდე ერთი ტურია დარჩენილი და ბოლო ტურში „შტურმს“ ევროსარბიელზე მოხვედრის შანსი აქვს.

თავის გამოჩენა გიორგი ქვილითაიამაც მოახერხა. „გენტის“ ქართველმა თავდამსხმელმა ბელგიურ გრანდ ბრიუსელის „ანდერლეხტთან“ სეზონში ბოლო მატჩი ძირითად შემადგენლობაში დაიწყო და ანგარიში მეორე წუთზე გახსნა. ბელგიის საფეხბურთო ჩემპიონატის ფინალურ ექვსეულში „გენტი“ უშუალო კონკურენტს ხვდებოდა და საბოლოოდ ანგარიშით 2:1 დაამარცხა. ამით „ბუფფალო“ („გენტის“ მეტსახელია) „ანდერლეჰტს“ ქულებით (32) დაეწია და სეზონი მეხუთე ადგილით დაასრულა. ქვილითაიამ მიმდინარე სეზონზე ბელგიის ჩემპიონატში 11 შეხვედრაში ოთხი გოლი გაიტანა.