ქართველი გოგონების მეტოქეები ცნობილია - ასაკობრივი ევროპის ჩემპიონატი ერთა ლიგის ფორმატით გაიმართება #1TVSPORT
ქართველი გოგონების მეტოქეები ცნობილია - ასაკობრივი ევროპის ჩემპიონატი ერთა ლიგის ფორმატით გაიმართება #1TVSPORT

უეფა-ს ოფისში 2021-22 წლების სეზონის გოგონათა 17-წლამდე და 19-წლამდე ევროპის ჩემპიონატის განახლებული ფორმატის პირველი რაუნდის წილისყრა გაიმართა. 2021-22 წლების სეზონიდან გოგონათა 17-წლამდე და 19-წლამდე ევროპის ჩემპიონატი განახლებული ფორმატით გაიმართება. გადაწყვეტილება უეფა-ს აღმასრულებელი კომიტეტის სხდომაზე მიიღეს.

საქართველოს 17-წლამდე და 19-წლამდე გოგონათა ნაკრებები B ლიგაში იასპარეზებენ. 17-წლამდელები პირველ რაუნდის B1 ჯგუფში – ბელარუსის, კოსოვოსა და ლუქსემბურგის ნაკრებებს დაუპირისპირდებიან. 19-წლამდელები კი, B4 ჯგუფში მოხვდნენ და მათი მეტოქეები ისრაელი, რუმინეთი და მალტა იქნებიან.

მინი-ტურნირების პრინციპი, ფორმატის ცვლილების მიუხედავად, ძალაში რჩება. საქართველოს 17-წლამდე ნაკრები პირველი რაუნდის მატჩებს მიმდინარე წლის პირველი აგვისტოდან 14 ნოემბრამდე პერიოდში გამართავს. 19-წლამდელთა მინი-ტურნირები კი, 14-21 სექტემბერს და 19-26 ოქტომბერს გაიმართება. პირველი რაუნდის ჯგუფების მასპინძელი ქვეყნები და მატჩების სრული კალენდარი უახლოეს მომავალში დაზუსტდება.

ახალი ფორმატის მიხედვით, საკვალიფიკაციო ეტაპს და ელიტ-რაუნდს, უეფა-ს ერთა ლიგის მსგავსი გათამაშება ჩაანაცვლებს. ფინალურ ეტაპამდე გუნდები ორრაუნდიან შესარჩევ ეტაპს გაივლიან. პირველ რაუნდში ტურნირის მონაწილე 52 ნაკრები რეიტინგის მიხედვით A და B ლიგაში გადანაწილდება. A ლიგაში შვიდი 4-4-გუნდიანი ჯგუფი შეიქმნება, B ლიგაში – ექვსი. მეორე რაუნდში A ლიგაში ასპარეზობის უფლებას B ლიგის ექვს პირველადგილოსანთან ერთად, ერთი საუკეთესო მეორე ადგილოსანი მოიპოვებს.

შესარჩევი ეტაპის მეორე რაუნდში დარჩენილი 28 გუნდი წილისყრით შვიდ ჯგუფში გადანაწილდება – ჯგუფების გამარჯვებულები ფინალურ ეტაპზე იასპარეზებენ, სადაც მათ ევროპის ჩემპიონატის მასპინძელი ქვეყნის ნაკრები დაემატება. საბოლოოდ, კონტინენტის უძლიერესი გუნდის სტატუსისთვის რვა ასაკობრივი ნაკრები იბრძოლებს. A ლიგის შვიდ ჯგუფში ბოლო,მეოთხე ადგილზე გასული ნაკრებები ახალი სეზონისთვის B ლიგაში დაქვეითდებიან.

17-წლამდე გოგონათა ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპს 2022 წელს ბოსნია-ჰერცეგოვინა 3-15 მაისს უმასპინძლებს. 19-წლამდე გოგონათა ევროპის ჩემპიონატი 2022 წლის 27 ივნისიდან 9 ივლისის ჩათვლით ჩეხეთში ჩატარდება.