ქართველი ფეხბურთელი ბურთთან კარგია, მაგრამ ფიზიკაში მოიკოჭლებს - „ანორთოსისის“ მწვრთნელმა „ჯვაროსნების“ პრობლემებზე ისაუბრა #1TVSPORT 
ქართველი ფეხბურთელი ბურთთან კარგია, მაგრამ ფიზიკაში მოიკოჭლებს - „ანორთოსისის“ მწვრთნელმა „ჯვაროსნების“ პრობლემებზე ისაუბრა #1TVSPORT 

ფამაგუსტას „ანორთოსისის“ მთავარმა მწვრთნელმა, თემურ ქეცბაიამ პირველი არხის გადაცემა „საფეხბურთო ტაიმაუტში“ საქართველოს ნაკრების შესახებ ილაპარაკა.

„არა მარტო ქართველი გულშემატკივარი, ფედერაციაც არ უნდა იყოს კმაყოფილი იმ ვითარებით, რაც ამჟამად ნაკრებშია. რა თქმა უნდა, კარგია, რომ ბოლო თამაში მოვიგეთ, რადგან არასახარბიელო ამბავი იქნება, ქვეჯგუფი ბოლო ადგილზე რომ დაასრულო.

– სამწუხაროდ, საქართველოს ნაკრებში სულ იყო ფიზიკური მომზადების პრობლემა. არ ვიცი, ქართველი ფეხბურთელი დაწყევლილია თუ რა ხდება, მაგრამ არიან ისეთები, რომლებიც ბურთთან კარგად არიან, მაგრამ ფიზიკურად ნაკრების დონეს ვერ აკმაყოფილებენ. ამ დროს არიან ისეთები, რომლებმაც სირბილი იციან, მაგრამ ბურთი არ იციან.

– თუ გინდა ნაკრებში წარმატებას მიაღწიო, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ გუნდი ფიზიკურად მზად იყოს. მათ ნაკრებში ვერ მოამზადებენ. სამწუხაროა ის, რომ არ გვყავს ფეხბურთელები პრემიერლიგიდან, ესპანეთის, იტალიის ან გერმანიის ჩემპიონატებიდან და ჩვენი ნაკრების წევრების დიდი ნაწილი დაბალი დონის ჩემპიონატში თამაშობს. ასეთ დროს ძნელია ჯგუფში პირველ ან მეორე ადგილზე გავიდეთ.

ვლადიმერ გუცაევი, „საფეხბურთო ტაიმაუტში“ თანაწამყვანი: „გეთანხმები, რადგან ნაკრებს სულ სხვა სისწარაფეები, ტაქტიკური აზროვნება და სულ სხვა ტექნიკა სჭირდება. სამწუხაროდ, ჩვენი ფეხბურთელები ვერ ხვდებიან ისეთ გუნდებში, მათი მომზადება და დონე სანაკრებოს რომ მიუახლოვდეს. ამიტომ ძნელია მათგან ის მოვითხოვოთ, რასაც ჩვენს გულშემატკივრებს უნდათ. არა მგონია, ფეხბურთელს კარგად თამაში არ სურდეს, მაგრამ სამწუხაროდ, ბევრს ეს არ შეუძლია“.

თემურ ქეცბაია:სანიოლმა ბევრი ახალი ფეხბურთელი რომ ათამაშა, შესაძლოა, მოტივი ის იყო, რომ ნაკრებს ამ ჯგუფში მიზნად გასვლა არ ჰქონდა. მიზანი ერთა ლიგისთვის მომზადებაა და შესაძლოა, ამდენი ფეხბურთელი ამიტომ გასინჯა. სანიოლის თავში არ ვზივარ და არ ვიცი, რას ფიქრობს. საქართველოს ჩემპიონატს ვუყურებ და ძნელია, ამის შემდეგ ფეხბურთელს სანაკრებო დონეზე თამაში მოსთხოვო“.