ქართველი ფეხბურთელები ევროტურნირებზე | მექვაბიშვილი ევროპალიგის პლეიოფში ითამაშებს, გაგუა „დუნაისკას“ რიგებში გამოარჩიეს #1TVSPORT

01:00, 14.08.2026

უეფა-ს კონფერენსლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე ქართველების „დუნაისკა სტრედამ“ „ტვენტეს“ უმასპინძლა და, გიორგი გაგუას შესანიშნავი თამაშის მიუხედავად, მატჩის მოგება ვერ შეძლო, რითაც გათამაშებას გამოეთიშა.

პირველი მატჩი ნიდერლანდელებმა 6:0 მოიგეს, ამჯერად კი შეხვედრა 3:3 დასრულდა და შემდეგ ეტაპზე სწორედ ისინი ითამაშებენ. გიორგი გაგუა სლოვაკური გუნდის ფორმით მოედანზე 63-ე წუთზე გამოჩნდა და „დუნაისკას“ შეტევები გამოაცოცხლა.

სლოვაკებმა მეტოქის კარი ორჯერ აიღეს და 3:2 დაწინაურდნენ, თუმცა მერე გოლი ისევ გაუშვეს და გამარჯვება ვეღარ მოახერხეს. ქართველმა თავდამსხმელმა მაღალი შეფასება დაიმსახურა (7.8 ქულა), 85-ე წუთზე კი ყვითელი ბარათი მიიღო. რაც შეეხება ცოტნე კაპანაძეს, ის ამჯერად დაასვენეს.

ლაშა ოდიშარიას „რფს“-მა ვახო ჭანტურიშვილის „იაბლონეცი“ მიიღო და 1:2 დამარცხდა (პირველი თამაშის შედეგი – 0:2). ოდიშარია ლატვიელთა რიგებში 84-ე წუთზე გამოჩნდა, ჭანტურიშვილი კი სასტარტო თერთმეტეულში იყო და მხოლოდ 86-ე წუთზე შეცვალეს.

ევროპალიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპის განმეორებით მატჩში ანზორ მექვაბიშვილის კრაიოვის „უნივერსიტატეამ“ ფინურ „კუპსს“ უმასპინძლა და 2:1 დაამარცხა.

ანზორ მექვაბიშვილი რუმინული გუნდის ძირითად შემადგენლობაში იყო და, ფაქტობრივად, შეუცვლელად ითამაშა – მან მოედანი 90+1-ე წუთზე დატოვა. მართალია, მატჩის დასაწყისში ფინელები დაწინაურდნენ, მაგრამ „უნივერსიტატეამ“ საბოლოოდ მაინც გაიმარჯვა.

რადგან პირველი შეხვედრა ფინეთში 1:1 დასრულდა, ორი მატჩის ჯამში ქართველის გუნდი ევროპის ლიგის პლეიოფში მოხვდა და, მინიმუმ, კონფერენსლიგის ძირითად ეტაპზე ითამაშებს.

მსგავსი