ქართველი ძიუდოისტების ხუთი მედალი თბილისის გრანდ სლემის პირველ დღეს #1TVSPORT
ქართველი ძიუდოისტების ხუთი მედალი თბილისის გრანდ სლემის პირველ დღეს #1TVSPORT

თბილისში მიმდინარე გრანდ სლემის პირველ დღეს ქართველმა ძიუდოისტებმა წარმატებულად იასპარეზეს.

60 კგ. წონით კატეგორიაში ქართული ფინალი გაიმართა. ოქროს მედლისთვის ერთმანეთს ახალგაზრდა ძიუდოისტები თემურ ნოზაძე და გიორგი სარდალაშვილი დაუპირისპირდნენ.

დაძაბულ ორთაბრძოლაში უფრო გამოცდილმა ნოზაძემ, დამატებითი დროის მეოთხე წუთზე ლამაზი გდებით გაიმარჯვა და თბილისის გრანდ სლემის ოქროს მედლის მფლობელი ზედიზედ მეორედ გახდა.

66 კგ-ში ვერცხლის მედალი ახალგაზრდა გიორგი თუთაშვილმა მოიპოვა. ქართველს ფინალში ტრავმის გამო არ უჭიდავია. ამავე წონაში მესამე ადგილზე ვაჟა მარგველაშვილი გავიდა.

დღეს ტურნირზე გამომსვლელი ქალებიდან ეთერ ლიპარტიანმა ბრინჯაოს მედალი მოიპოვა, რომელმაც მედლისკენ მიმავალ გზაზე მსოფლიოს ორგზის ჩემპიონი დარია ბიოდიდი დაამარცხა.

თბილისის გრანდ სლემის პირველ დღეს საქართველოს ნაკრებმა მთლიანობაში ხუთი მედლის მოპოვება შეძლო.

შეგახსენებთ, რომ 2021 წელს თბილისის გრანდ სლემმა მაყურებლების გარეშე ჩაიარა, საქართველოს ნაკრებმა კი 9 მედლით გუნდური პირველობა მოიგო. ჩემპიონები თემურ ნოზაძე (60 კგ.) და გელა ზაალიშვილი (+100 კგ.) გახდნენ, ვერცხლის მედლებს ვაჟა მარგველაშვილი (66 კგ.), ეთერ ლიპარტელიანი (57 კგ.) და ილია სულამანიძე (100 კგ.) დაეუფლნენ, ბრინჯაოს კი – ალეკო მამიაშვილი, ლაშა შავდათუაშვილი (ორივე – 73 კგ.), ტატო გრიგალაშვილი (81 კგ.) და საბა ინანეიშვილი (+100 კგ.).