ქართველი ძიუდოისტები დიდი სლემის ტურნირისთვის ემზადებიან

17:52, 26.10.2018

ხვალიდან 29 ოქტომბრის ჩათვლით არაბეთის გაერთიანებული საემიროების დედაქალაქი აბუ დაბი ძიუდოში ტრადიციული „გრანდ სლემის“ გათამაშებას უმასპინძლებს და აქ პირველობისთვის 62 ქვეყნის 348 ძიუდოისტი (215 კაცი+133 ქალი) იასპარეზებს. მათ შორის საქართველოს ვაჟ ძიუდოისტთა ნაკრების 11 წევრი იქნება.

ხვალ, ტატამზე ვაჟთა 60 და 66 კილოგრამამდე წონითი კატეგორიის წარმომადგენლები გამოვლენ.

„მუბადალა არენაზე” დღეს ტურნირის კენჭისყრა გაიმართება. 60 კგ. წონით კატეგორიაში ნაკრების ღირსებას ამირან პაპინაშვილი და ლუხუმ ჩხვიმიანი დაიცავენ.

პაპინაშვილი პირველ ნომრად არის განთესილი და მე-2 წრეში ირანელ აბოლფაზი მაჰმუდისა და რუსი ბესლან მუდრანოვის შორის გამარჯვებულს შეხვდება. ჩხვიმიანი ტატამზე ასევე მეორე ეტაპიდან გამოვა და მისი მეტოქე სლოვენიელ მატიაჟ ტრბოვიჩსა და ჩინელ რილეგე სუს შორის წარმატებული იქნება. წარმატების შემთხვევაში ქართველი ძიუდოისტები ერთამანეთს 1/2 ფინალში შეხვდებიან.

66 კგ-ში ფავორიტად არის მიჩნეული ვაჟა მარგველაშვილი. ის პირდაპირ მე-2 წრეშია დაშვებული და სტარტს აჰმედ ალ ჰოსანისა და ირლანდიელ ნატონ ბარნსის შორის გამარჯვებულთან დაიწყებს.

73 კგ-ში ფრიდონ გიგანი ჩეხ იაკუბ იეჩმინეკს დაუპირისპირდება, ხოლო ლაშა შავდათუაშვილი მე-2 რაუნდში იაპონელ ტაკეში დოის გაეჯიბრება.

81 კგ. წონით კატეგორიაში თამაზ კირაკოზაშვილი მე-2 წრეში გერმანელი ჰანს კონრადის დაუპირისპირდება. 90 კგ-ში ავთანდილ ჭრიკიშვილი პირველ წრეში ესტონელი კლენ კრისტოფერ კალიულაიდის მეტოქეა, ხოლო უშანგი მარგიანი მე-2 რაუნდში თურქმენ ტეიენ ტეიენოვს დაუპირისპირდება.

100 კგ-ში საქართველოს ღირსებას ლაშა ტაველური დაიცავს, რომლის მეტოქეც ჩინელი ბო ჟანგი იქნება. მძიმე წონაში (+100 კგ.) ლევან მატიაშვილი მეორე ეტაპზე ყირგიზ იური კრაკოვეცკისთან, ხოლო ადამ ოქრუაშვილი ბელარუს ვლადისლაუ ციარპიცკისა და ავსტრიელ დანიელ ალერსტოფერს შორის წარმატებულთან იჭიდავებს.

მსგავსი