ქართველი ავტომრბოლელი სანდრო თავართქილაძე „ფორმულა რენო 2019“-ის აზიის ჩემპიონატის ქულათა ჩათვლაში პირველ ადგილზეა
ქართველი ავტომრბოლელი სანდრო თავართქილაძე „ფორმულა რენო 2019“-ის აზიის ჩემპიონატის ქულათა ჩათვლაში პირველ ადგილზეა

„ფორმულა რენო 2019“-ის აზიის ჩემპიონატის მეორე ეტაპის დასრულების შემდეგ ქართველი პილოტი სანდრო თავართქილაძე ქულათა ჩათვლაში კვლავ ლიდერია და 88 ქულით პირველ ადგილს იკავებს. მას მოჰყვება 80 ქულით ჯოი ალდერსი, მესამე პოზიციაზე კი 71 ქულით ბრუნო კარნეიროა.

ჩინეთში, ჟუჰაის საერთაშორისო ავტოდრომზე ქართველმა ავტომრბოლელმა სანდრო თავართქილაძემ „ფორმულა რენო 2019“-ის აზიის ჩემპიონატის მეორე ეტაპის საფინალო რბოლაზე მეოთხე ადგილი დაიკავა. მან სტარტი მესამე პოზიციიდან აიღო და ფინიშის ხაზი მეოთხემ გადაკვეთა. რბოლაში უსაფრთხოების ავტომობილის ჩართვა ორჯერ გახდა საჭირო და ფინიშიც მრბოლელებმა უსაფრთხოების ავტომობილის უკან დაასრულეს.

პირველ ადგილზე ბრაზილიელი პილოტი ბრუნო კარნეირო გავიდა. მეორე ადგილი ქართველი მრბოლელის თანაგუნდელმა ჰოლანდიელმა სპორტსმენმა ჯოი ალდერსმა აიღო, მესამე ადგილი კი ფინელმა ელიას ნისკანენმა მოიპოვა.

„ფორმულა რენო 2019″-წლის აზიის ჩემპიონატის მესამე ეტაპი ერთ თვეში კვლავ ჩინეთში, ტიანჯინის საერთაშორისო ტრეკზე გაიმართება.

ფორმულა რენოს აზიის ჩემპიონატი ექვსი ეტაპისგან და 12 რაუნდისგან შედგება. შეჯიბრი ეტაპობრივად ჩინეთის სხვადასხვა ქალაქში და მალაიზიაში ჩატარდება. საბოლოო გამარჯვებული 29 სექტემბერს ქალაქ სეპანგიში გამოვლინდება.

ქართველი პილოტი აზიის საუკეთესო გუნდთან Blackarts Racing-თან ერთად ასპარეზობს. 19 წლის სანდრო თავართქილაძე „ფორმულა ალფას“ კლასში საქართველოს სამგზის ჩემპიონია. ქართველი მრბოლელის გამოსვლას აფინანსებენ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო, შსს სპორტული კლუბი „მია-ფორსი“, თბილისის მერია და საქართველოს საავტომობილო სპორტის ფედერაცია.