ქართველი არბიტრები ევროსარბიელზე - ყრუაშვილი უელსი-ლატვიას განსჯის #1TVSPORT
ქართველი არბიტრები ევროსარბიელზე - ყრუაშვილი უელსი-ლატვიას განსჯის #1TVSPORT

უეფა-ს გადაწყვეტილებით, უელსისა და ლატვიის ეროვნული ნაკრებების შეხვედრას ქართველი მსაჯები მოემსახურებიან, – ინფორმაციას ფეხბურთის ფედერაცის პრესსამსახური ავრცელებს.

მატჩის მთავარი მსაჯი ფიფა-ს არბიტრი გიორგი ყრუაშვილი იქნება. მას ასისტენტის რანგში დაეხმარებიან ლევან ვარამიშვილი და ზაზა ფიფია, ხოლო მეოთხე მსაჯად ალეკო აფციაური იმუშავებს.

შეგახსენებთ, რომ 2021 წლის 6 ივნისს სლოვენიის დედაქალაქ ლუბლიანაში 21-წლამდე ფეხბურთელთა ევროპის ჩემპიონატის ფინალი სწორედ გიორგი ყრუაშვილმა განსაჯა, რომელსაც ასისტენტობას მაშინაც ვარამიშვილი და ფიფია უწევდნენ.

2024 წლის ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მეორე ტურის ეს მატჩი 28 მარტს უელსში, კარდიფში გაიმართება. უელსელებმა პირველ ტურში ხორვატიასთან გასვლაზე 1:1 ითამაშეს, ლატვიელები კი შესარჩევ ციკლს ამ შეხვედრით იწყებენ.

უელსისა და ლატვიის ეროვნული ნაკრებების შეხვედრა კარდიფში თბილისის დროით 22:45 საათზე დაიწყება.