ქართველი არბიტრები ევრო 2025-ის ფინალურ ეტაპზე იმსაჯებენ #1TVSPORT
ქართველი არბიტრები ევრო 2025-ის ფინალურ ეტაპზე იმსაჯებენ #1TVSPORT

ქართველ მსაჯთა ბრიგადა 21-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე იმუშავებს – ინფორმაციას საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრესსამსახური ავრცელებს.

ევრო 2025 სლოვაკეთში 11-დან 28 ივნისის ჩათვლით გაიმართება. უეფა-ს გადაწყვეტილებით, ფინალური ეტაპის მსაჯებს შორის ქართველი არბიტრებიც დასახელდნენ – ევროპის ჩემპიონატს ფიფა-ს პირველი კატეგორიის არბიტრი გოგა კიკაჩეიშვილი მოემსახურება, მას ფიფა-ს ასისტენტები, დავით ახვლედიანი და დავით გაბისონია დაეხმარებიან.

„ვულოცავთ ჩვენს მსაჯებს უეფა-ს მიერ შერჩეულ 12 სამსაჯო გუნდს შორის მოხვედრას და წარმატებას ვუსურვებთ ევროპის ახალგაზრდულ ჩემპიონატზე. ეს წარმატება კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ეტაპია სფფ-ის გრძელვადიან პროექტში, რომელსაც დადებითი შედეგები მოაქვს“, – განაცხადა სფფ-ის სამსაჯო განყოფილების ხელმძღვანელმა, ჯუნეტ ჩაქირმა.

ქართველ მსაჯები 21-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე აქამდეც იყვნენ მივლენილნი – 2021 წელს გიორგი ყრუაშვილმა, ლევან ვარამიშვილთან, ზაზა ფიფიასა და ირაკლი კვირიკაშვილთან ერთად, უეფა-ს 21-წლამდე ევროპის ჩემპიონატის ფინალური ეტაპის მატჩები, მათ შორის 1/4-ფინალი და ფინალი განსაჯეს.