ქართველი 16-წლამდელები შვეიცარიასთან დამარცხდნენ
საქართველოს 16-წლამდე ნაკრებმა შვეიცარიის თანატოლთა ნაკრებთან პირველი ამხანაგური მატჩი ჩაატარა და, დამაიმედებელი დასაწყისის მიუხედავად, შეხვედრა მაინც დათმო.
დაბა სენტ-იმეს სტადიონზე გამართულ თამაში გიორგი ჩიტაურის გაწვრთნილებმა მატჩი კარგად დაიწყეს და ორი რეალური საგოლე მომენტი შექმნეს. მე-13 წუთზე ქართველი მოთამაშის უძლიერესი დარტყმა მასპინძელთა მეკარემ მოიგერია. 30-ე წუთზე კი თბილისის დინამოს შემტევმა გიორგი აბუაშვილმა კარის ცხრიანი შეარხია და საქართველო დააწინაურა, პირველი ნახევარი კი ჩვენი გუნდის გამარჯვებით დასრულდა – 0:1.
მეორე ტაიმში მასპინძლებმა დაცვაში საქართველოს ნაკრების უხეში შეცდომებით ისარგებლეს და დასკვნით 10 წუთში ანგარიშის გათანაბრება და დაწინაურება შეძლეს: ანგარიში მომოდუ ლამინ ჯაიტემ გაათანაბრა, ნოა რუპმა მასპინძლები დაააწინაურა, ხოლო დამატებულ დროში საბოლოო შედეგი ისევ ჯაიტემ დააფიქსირა – 3:1.
საქართველო U16: შურღაია, აბჟანდაძე, სალუქვაძე, ხვადაგიანი, ჩხეტიანი, ო. მამაგეიშვილი, გვიშიანი, გაგნიძე, გ. მამაგეიშვილი, აბუაშვილი, იობაშვილი.
შეცვლაზე შევიდნენ: გეგიაძე, ზოსიაშვილი, უგრეხელიძე.
საქართველოსა და შვეიცარიის 16-წლამდე ნაკრებები მეორე ამხანაგურ მატჩსაც გამართავენ – გუნდები ერთმანეთს ხვალ, 16 მაისს დაუპირისპირდებიან.