ქართველების შთამბეჭდავი თამაში უნგრეთში - ზივზივაძემ დუბლი შეასრულა, ბერიძემ გოლს პასი დაუმატა, „უიპეშტმა“ მეოთხეზე გადაინაცვლა [ვიდეო] #1TVSPORT

ბუდუ ზივზივაძემ და გიორგი ბერიძემ უნგრეთის ჩემპიონატში მორიგი შთამბეჭდავი თამაში ჩაატარეს, ხოლო „უიპეშტის“ პრინციპულ გამარჯვებაში გადამწყვეტი როლი ითამაშეს.

ქართველების გუნდი ამ მატჩამდე მეხუთე ადგილზე იყო, ხოლო „ზალაეგერშეგი“ (ვისაც უმასაპინძლეს) – მეოთხეზე და მოგების შემთხვევაში მეტოქეს დაეწეოდა. „უიპეშტმა“ მიზანს, ფაქტობრივად, პირველ ტაიმში მიაღწია და შესვენებამდე 3:0 დაწინაურდა, სამივე გოლი კი ქართველების ანგარიშზეა.

ანგარიში 24-ე წუთზე ზივზივაძემ ბერიძის გადაცემით გახსნა, 37-ე წუთზე კი დუბლი ულამაზესი გოლით შეასრულა – საქართველოს ნაკრების თავდამსხმელმა საჯარიმოს კუთხიდან ურთულესი პოზიციიდან ბურთი მოჭრა და „ცხრიანში“ ჩაახვია. 44-ე წუთზე კი ბერიძემ ბურთი მოედნის ცენტრიდან წაიღო და ზუსტი დარტყმით მეტოქეს შანსი არ დაუტოვა.

მეორე ნახევარში „უიპეშტმა“ კიდევ ერთი გაიტანა – 70-ე წუთზე მათიას კატონამ შორიდან ზუსტად გაისროლა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა – 4:0 ქართველების გუნდის სასარგებლოდ. „უიპეშტმა“, რომელიც ზივზივაძის გადასვლამდე ბოლო ადგილზე იყო, 27 ტურის შემდეგ 39 ქულა დააგროვა და მეოთხე ადგილზე დაწინაურდა, ევროსაგზურის მოპოვების შანსი, უნგრეთის თასის გარდა (ნახევარფინალშია გასული), ახლა ჩემპიონატიდანაც გაუჩნდა.

ბუდუ ზივზივაზემუიპეშტში“ ჩატარებულ 8 შეხვედრაში 9 გოლი გაიტანა, ხოლო ბერიძემ 22 მატჩში – 7 გოლი. სულ გუნდმა 42 გოლი გაიტანა, მესამედზე მეტი კი (35 პროცენტი) ქართველების ანგარიშზეა. ამავე დროს, ზივზივაძე უნგრეთის ჩემპიონატის ბომბარდირთა ოთხეულში დაწინაურდა, რადგან ორი გოლი მანამდე „ფეჰერვარში“ ჰქონდა გატანილი.