ქართველების სამი გუნდიდან ორი პლეი ოფშია - ქვილითაიას გოლმა „ანორთოსისს“ ვერ უშველა (ვიდეო)

ევროპის ლიგის პლეი ოფში ქართველი ფეხბურთელების სამი გუნდიდან ორი გავიდა.

შემდეგ ეტაპზე ითამასებს უნგრული „ფეჰერვარი“, სადაც ბუდუ ზივზივაძე ძირითად შემადგენლობაში იყო და 68-ე წუთზე შეცვალეს. უნგრელებმა ფრანგულ „რეიმსს“ პენალტების სერიაში 4:1 სძლიეს და პლეი ოფში გავიდნენ.

პოლონეთის ჩემპიონმა ვარშავის „ლეგიამ“ სახლში კოსოვოს „დრიტა“ მიიღო და 2:0 დაამარცხა. ვაკო გვილია სათადარიგოებში იყო და მოედანზე 63-ე წუთზე გამოჩნდა.

ევროპალიგას მხოლოდ ფამაგუსტას „ანორთოსისი“ დაემშვიდობა. თემურ ქეცბაიას გუნდი შვეიცარიულ „ბაზელს“ ესტუმრა – გიორგი ლორია, მურთაზ დაუშვილი, თორნიკე ოქრიაშვილი და გიორგი ქვილითაია ძირითად შემადგენლობაში იყვნენ.

ფამაგუსტელებისთვის თამაში ძალიან ცუდად დაიწყო და 24-ე წუთზე 0:3-ს აგებდნენ, სხვაობა ტაიმის ბოლო წუთზე ბრანკო ვრგოკმა შეამცირა 1:3. 50-ე წუთზე ოქრიაშვილი მოედნიდან გააძევეს და თემურ ქეცბაიას გუნდის მდგომარეობა კიდევ უფრო გართულდა. ამის მიუხედავად, 66-ე წუთზე სხვაობა მინიმუმამდე შეამცირეს – პენალტით გიორგი ქვილითაიამ გაიტანა, რაც მისთვის ახალ გუნდში სადებიუტო გოლი იყო. 88-ე წუთზე მოთამაშე შვეიცარიელებსაც გაუძევეს, მაგრამ უკვე გვიანი იყო. კვიპროსის ვიცე-ჩემპიონმა გათანაბრება ვეღარ შეძლო (2:3) და ტურნირს დაემშვიდობა.

დატოვე კომენტარი