ქართველების საგოლე გადაცემები ფრანგულ დაპირისპირებაში - კვარაცხელიამ „ლიონთანაც“ გაიბრწყინა, მიქაუტაძეს დონარუმამ არ გაატანინა [ვიდეო] #1TVSPORT
ხვიჩა კვარაცხელიამ „პარი სენ-ჟერმენში“ გადასვლის შემდეგ ერთ-ერთი საუკეთესო თამაში ჩაატარა და გუნდს გიორგი მიქაუტაძის „ლიონთან“ სანახაობრივი გასვლითი შეხვედრის მოგებაში დაეხმარა – 3:2. ქართველებმა საგოლე გადაცემები შეასრულეს.
მასპინძლეთა ძირითად შემადგენლობაში არ იყო გიორგი მიქაუტაძე, მაგრამ „ლიონის“ მთავარი მწვრთნელის, პაულო ფონსეკას უცნაური გადაწყვეტილებები ამით არ დასრულებულა – მან ალექსანდრ ლაკაზეტიც სათადარიგოთა შორის დატოვა და ორივე ფეხბურთელი მოედანზე შეცვლაზე შეუშვა.
„ლიონს“ პირველ ტაიმში თავდასხმაში არაფერი გამოსდიოდა, პარიზელები დიდი ძალებით უტევდნენ და რეალური მომენტებიც ჰქონდათ. პსჟ-ში კვარაცხელია უდავოდ საუკეთესი იყო, მან თავი გამოიჩინა საგოლე გადაცემით, შესანიშნავი დრიბლინგებითა და სანახაობრივი თამაშით.
53-ე წუთზე ანგარიში აშრაფ ჰაკიმიმ გახსნა, ხოლო ხვიჩა კვარაცხელიას გადაცემით, უსმან დემბელემ მასპინძლებს მეორე გაუტანა. 68-ე წუთზე კი ლუის ენრიკემ დაცვის გასაძლიერებლად კვარაცხელიას ნაცვლად მოედანზე ლუკას ერნანდესი შეუშვა და ფაქტია, რომ პარიზელები ამის შემდეგ მწვავედ ვეღარ უტევდნენ.

მე-80 წუთზე მოედანზე მიქაუტაძე შევიდა და შეტევაში მასპინძლების თამაში გაამწვავა. 84-ე წუთზე გიორგი მარკინიოსს ეფექტური ფინტით გასცდა და მისი გადაცემით რაიან ჩერკიმ სხვაობა შეამცირა.
პარიზელებმა ორბურთიანი უპირატესობა მალე აღადგინეს, მაგრამ „ლიონი“ არ დანებდა და ისევ შეუტია – მიქაუტაძემ „მაკრატელათი“ სცადა გოლის გატანა, მაგრამ ჯან-ლუიჯი დონარუმამ ურთულესი ბურთი მოიგერია. თუმცა 90+2-ე წუთზე ტოლისომ სხვაობა ისევ შეამცირა. მერე ქართველსაც ჰქონდა შანსი, მაგრამ მის დარტყმულს მცველი გადაეფარა და „ლიონმა“ თამაში ვერ გადაარჩნა.
24 ტურის შემდეგ „ლიონი“ (36) მე-8 ადგილზეა, ხოლო პსჟ (59) ლიგა 1-ის ერთპიროვნული ლიდერია. ხვიჩა კვარაცხელიას ლიგა 1-ში ერთი გოლი და ორი საგოლე გადაცემა დაუგროვდა.