ქართველების „როტორის“ მოთხოვნა უარყოფილია „უფასა“ და „არსენალს“ არ დასჯიან #1TVSPORT
ქართველების „როტორის“ მოთხოვნა უარყოფილია „უფასა“ და „არსენალს“ არ დასჯიან #1TVSPORT

რუსეთის საფეხბურთო კავშირის საკონტროლო და სადისციპლინო კომიტეტმა უარი თქვა ვოლგოგრადის „როტორის“ (სადაც ოთხი ქართველი თამაშობს) თხოვნაზე, რომ ჩემპიონატის ბოლო ტურის მატჩის გადადებისთვის „უფა“ და ტულის „არსენალი“ დაესაჯათ.

ამ გუნდების შეხვედრა 30-ე ტურში, იგივე დროს უნდა გამართულიყო, როგორც მათი კონკურენტის, „როტორის“ მატჩი „რუბინთან“, რომ გუნდებს თანაბარ პირობებში გაერკვიათ, პრემიერლიგას ვინ დატოვებდა. მაგრამ „უფა“ და ტულის „არსენალის“ მატჩი მაღალი ტემპერატურის საბაბით 2 საათის დაგვიანებთ დაიწყეს. იმ დროისთვის უკვე ცნობილი იყო „რუბინთან“ ქართველების გუნდის შედეგი – 1:1.

შედეგად, „უფამ“ „არსენალს“ 2:1 მოუგო და 25 ქულით მე-13 ადგილი დაიკავა, „არსენალმა“ 23 ქულით – მე-14 ადგილი და ორივე ლიგაში დარჩა, ხოლო „როტორი“ 22 ქულით მე-15 ადგილზე გავიდა და ლიგიდან გავარდა.

ამის გამო „როტორმა“ რუსეთის საფეხბურთო კავშირის საკონტროლო და სადისციპლინო კომიტეტს მიმართა თხოვნით, რომ „უფა“-„არსენალის“ მატჩის გადადების კანონიერება შეეფასებინა.

მაგრამ რუსეთის საფეხბურთო კავშირის საკონტროლო და სადისციპლინო კომიტეტმა სპორტული სამართლიანობის პრინციპის დარღვევას ერთი მშრალი ფრაზით უპასუხა – „ვოლგოგრადის „როტორის“ განცხადება სპორტული სანქციების გამოყენებასთან დაკავშირებით უარყოფილია“.

შეგახსენებთ, რომ ვილი სანიოლმა ივნისის ამხანაგური მატჩებისთვის ვოლგოგრადის „როტორიდან“ საქართველოს ნაკრებში საბა კვირკველია და ზუკა დავითაშვილი გამოიძახა. 2 ივნისს ჩვენი ეროვნული გუნდი რუმინეთს ესტუმრება, ხოლო 6 ივნისს – ნიდერლანდებს.