ქართველების „როტორი“ პრემიერლიგიდან გავარდა - ტაბიძის „უფამ“ ადგილი შეინარჩუნა #1TVSPORT
ქართველების „როტორი“ პრემიერლიგიდან გავარდა - ტაბიძის „უფამ“ ადგილი შეინარჩუნა #1TVSPORT

ჯიმი ტაბიძის „უფამ“ რუსეთის პრემიერლიგაში ადგილი შეინარჩუნა, ხოლო ვოლგოგრადის „როტორი“, სადაც ოთხი ქართველი ფეხბურთელი ირიცხება, მომავალ სეზონს რანგით დაბალ – პირველ რიგაში ჩაატარებს.

პრემიერლიგის ბოლო ტურში „როტორი“ ყაზანში ხვიჩა კვარაცხელიას „რუბინს“ ესტუმრა და ფრედ – 1:1 ითამაშა. ამავე დროს უნდა დაწყებულიყო „უფასა“ და ტულის „არსენალის“ მატჩი, რომელიც ორი საათით გადაიდო – გამოცემა „ჩემპიონატის“ ცნობით, მიზეზი მაღალი ტემპერატურა გახდა – უფაში 39 გრადუსი დაფიქსირდა. თუმცა, რუსული და საერთაშორისო ამინდის ბიუროების ცნობით, უფაში ტემპერატურა მაქსიმუმ 32 გრადუსი იყო.

ეს შეხვედრა მხოლოდ მხოლოდ „რუბინი“ – „როტორის“ მატჩის დასრულების შემდეგ დაიწყო და „უფამ“ მეტოქე ანგარიშით 2:1 დაამარცხა. ჯიმი ტაბიძემ შეუცვლელად ითამაშა, ხოლო გია გრიგალავა „არსენალის“ ძირითად შემადგენლობაში იყო და 52-ე წუთზე გააძევეს.

ამ მატჩის შემდეგ „უფამ“ 25 ქულა დააგროვა, სეზონი მე-13 პოზიციაზე დაასრულა და ლიგაში ადგილი შეინარჩუნა, ისევე როგორც ტულას „არსენალმა“ (23 ქულით მე-14 ადგილზე გავიდა), ხოლო ლიგიდან საბა კვირკველიას, ზუკა დავითაშვილის, ნიკა ყიფიანის და გიორგი არაბიძის „როტორი“ (22 ქულა, მე-15 ადგილი) გავარდა.