ქართველების ექვსი მედალი ევროპის ჩემპიონატზე (ვიდეო)
ქართველების ექვსი მედალი ევროპის ჩემპიონატზე (ვიდეო)

პრაღაში დასრულებულ ევროპის ჩემპიონატზე ძიუდოში, დასკვნით დღეს ტატამზე ოთხი ქართველი სპორტსმენი გამოვიდა და ოთხივეს ბრინჯაოს მედლის მოპოვების შანსი მიეცა, მაგრამ მათგან მედალი მხოლოდ სამმა მოიპოვა.

90კგ წონით კატეგორიაში ბექა ღვინიაშვილმა მესამე ადგილისთვის ბრძოლაში ესპანეთის სახელით მოასპარეზე ნიკოლოზ შერაზადიშვილი სუფთა გამარჯვებით დაამარცხა და ბრინჯაოს მედლის მფლობელი გახდა.

მესამე ადგილი აიღეს მძიმეწონოსნებმა ლევან მატიაშვილმა და გურამ თუშიშვილმაც. გურამმა მასპინძელ ლუკას კრპალეკს რამდენიმე წამში სძლია, ხოლო ლევანმა თავისი მეტოქე ბოლო წამებზე დაამარცხა.

 

შეგახსენებთ, რომ გუშინ 81 კგ წონით კატეგორიაში ბრწყინვალედ იასპარეზა ტატო გრიგალაშვილმა, რომელმაც ფინალში 40 წამში ბულგარელი ივაილო ივანოვი დაამარცხა და ევროპის ჩემპიონი გახდა.

გუშინვე ლაშა შავდათუაშვილმა ვერცხლი, ხოლო ლუკა მაისურაძემ ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს.

საერთო ჯამში კი ჩვენმა ნაკრებმა ერთი ოქროს, ერთი ვერცხლის და ოთხი ბრინჯაოს მედალი აიღო და მამაკაცთა შორის გუნდური მეორე ადგილი დაიკავა.