ქართველები რუსეთის თასის ნახევარფინალში - „არსენალს“ გრიგალავა გოლით დაეხმარა [ვიდეო]
ქართველები რუსეთის თასის ნახევარფინალში - „არსენალს“ გრიგალავა გოლით დაეხმარა [ვიდეო]

სამი ქართველი ფეხბურთელის გუნდი რუსეთის თასისთვის ბრძოლას აგრძელებს. 1/4 ფინალში ყაზანის „რუბინი“ მოსკოვის „ლოკომოტივს“ დაუპირისპირდა, რომელსაც პირველი მატჩი 1:0 მოუგო.

მოსკოველებმა მეტოქე გასვლაზეც იგივე ანგარიშით დაამარცხეს და ნახევარფინალში გავიდნენ. „ლოკომოტივის“ ძირითადში იყო საქართველოს ნაკრების მცველი საბა კვირკველია – მან შეუცვლელად ითამაშა, მისი ახალი თანაგუნდელი, 18 წლის ხვიჩა კვარაცხელია კი სათადარიგოებში იყო.

მეოთხედფინალში ითამაშა გია გრიგალავას გუნდმა, ტულის „არსენალმა“, რომელმაც „ხიმკი არენზე“ „ორენბურგს“ უმასპინძლა და 1:1 ითამაშა. რადგან პირველი მატჩი „არსენალმა“ 4:2 მოიგო, თავისი არსებობის ისტორიაში ნახევარფინალში პირველად გავიდა. ქართველი მცველი ტულელთა ძირითად შემადგენლობაში იყო, შეუცვლელად ითამაშა და გუნდს ნახევარფინალში გასვლაში გოლით დაეხმარა. 54-ე წუთზე ანგარიში ზუსტი დარტყმით სწორედ გრიგალავამ გახსნა – საინტერესოა, რომ მან არა თავით, არამედ, ზურგით გაიტანა.


რუსეთის თასის ნახევარფინალში გრიგალავას გუნდის მეტოქე „როსტოვი“ იქნება, რომელმაც „კრასნოდარს“ სძლია (2:2, 1:0). ხოლო „ლოკომოტივი“ „სპარტაკისა“ და „ურალის“ წყვილის გამარჯვებულს დაუპირისპირდება.

დატოვე კომენტარი