ქართველები ლიმასოლის „აპოლონში“ დარჩნენ #1TVSPORT
ქართველები ლიმასოლის „აპოლონში“ დარჩნენ #1TVSPORT

კვიპროსში სატრანსფერო ფანჯარა დაიხურა და ცნობილი გახდა, რომ ლიმასოლის „აპოლონმა“ გიორგი პაპუნაშვილის და რეზი ინჯგიას გაშვებაზე უარი თქვა.

ახალი სეზონის დაწყებამდე, ლიმასოლის „აპოლონში“ გერმანელი მწვრთნელი, დანიური „ბრონდბიუს“ ყოფილი დამრიგებელი ალექსანდერ ცორნიგერი დანიშნეს, რომელმაც კონფერენს ლიგიდან გუნდის გავარდნის შემდეგ შემადგენლობის გაფილტვრა დაიწყო – ამ სიაში ორივე ქართველი ფეხბურთელი მოხვდა.

ლაპარაკი პაპუნაშვილთან კონტრაქტის გაწყვეტაზე იყო, ხოლო ინჯგია იჯარით სხვა გუნდში უნდა წასულიყო. მაგრამ კვიპროსში ქართველი მოთამაშეების მენეჯერი ჩავიდა, კლუბთან მოლაპარაკება გამართა და ვითარება შეიცვალა.

ორივე მათგანმა ამხანაგური შეხვედრა ჩაატარა „აპოლონის“ ფორმით „ონისილოსის“ წინააღმდეგ, რომელიც კოლოსში, გუნდის ბაზაზე ჩატარდა და ლიმასოლის გუნდმა 2:1 მოიგო. გიორგი პაპუნაშვილი „აპოლონის“ ძირითად შემადგენლობაში იყო, ხოლო რეზი ინჯგია შეცვლაზე შევიდა.