ქართველები კონფერენს და ევროპის ლიგებზე | „ჟალგირისმა“ და „შახტარმა“ პირველი მატჩები მოიგეს #1TVSPORT
ქართველები კონფერენს და ევროპის ლიგებზე | „ჟალგირისმა“ და „შახტარმა“ პირველი მატჩები მოიგეს #1TVSPORT

კონფერენციის ლიგის პირველ საკვალიფიკაციო რაუნდში ანტონ თოლორდავასა და თემურ ჩოგაძის „კაუნო ჟალიგირისმა“ უელსის „პენიბონტი“ 3:0 დაამარცხა.

ორივე ქართველი ფეხბურთელი ლიეტუვური კლუბის ძირითად შემადგენლობაში იყო – თოლორდავამ შეუცვლელად ითამაშა, ფლანგის თავდამსხმელი ჩოგაძე კი მწვრთნელმა 76-ე წუთზე შეცვალა, როდესაც ანგარიში 3:0 იყო, უელსელები კი 10 მოთამაშით დარჩნენ.

ასეთივე ანგარიში დაფიქსირდა ლუკა რობაქიძის გუნდის, ჩრდილოეთ მაკედონიის „რაბოტნიჩკის“ მატჩში ბელარუსულ „ჟოდინოსთან“, რომელიც ნეიტრალურ მოედანზე ჩატარდა და ბელარუსების გამარჯვებით დასრულდა. 25 წლის ქართველი ნახევარმცველი მოედანზე მე-80 წუთზე გამოჩნდა.

ქართველმა მწვრთნელმა, შოთა მახარაძემ საერთაშორისო არენაზე სადებიუტო შეხვედრაში უხელმძღვანელა მოლდოვურ „პეტროკუბს“, რომელიც გასვლაზე მალტურ „ბირკირკარას“ „ცენტენარი სტედიუმზე“ დაუპირისპირდა და 0:1 დამარცხდა.

პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის თამაშები გაიმართა ევროპის ლიგაზეც. გიორგი მოისწრაფიშვილი ტრნავის „სპარტაკის“ განაცხადში იყო, მაგრამ არ უთამაშია შვედურ „ჰაკენთან“ საშინაო შეხვედრაში, რომელიც სტუმრებმა 1:0 მოიგეს.

დონეცკის „შახტარმა“ შინ ფინური „ილვესი“ 6:0 დაამარცხა. ირაკლი აზაროვი უკრაინელების სამატჩო განაცხადში მოხვდა, მაგრამ არ უთამაშია. გიორგი გოჩოლეიშვილი დონეცკელების სამატჩო ოქმში არ იყო.

კონფერენს და ევროპის ლიგის პირველი საკვალიფიკაციო რაუნდის საპასუხო მატჩები 17 ივლისს გაიმართება.