ქართველები იტალიაში | „კრემონეზე “ სერია A-ში გადასასვლელად იბრძოლებს, „სპეციამ“ სერია B-ში ადგილი შეინარჩუნა #1TVSPORT
ქართველები იტალიაში | „კრემონეზე “ სერია A-ში გადასასვლელად იბრძოლებს, „სპეციამ“ სერია B-ში ადგილი შეინარჩუნა #1TVSPORT

იტალიის სერია A-შიფროზინონემ“, სადაც გიორგი კვერნაძე თამაშობს, საკუთარ მოედანზე  „ინტერს“ უმასპინძლა და 0:5 დამარცხდა.

საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების თავდამსხმელი სათადარიგო იყო და არ უთამაშია – სამწუხაროდ, იტალიის ჩემპიონატში გიორგის 29 დეკემბერს „ლაციოსთან“ მატჩის შემდეგ აღარ უთამაშია. „ფროზინონე“ 32 ქულით მე-16 ადგილზეა და სერია A-დან გავარდნის საფრთხის წინაშე დგას.

სერია B-ში ლუკა ლოჩოშვილმა შეუცვლელად ითამაშა „კრემონეზეში“, რომელმაც „ჩიტადელა“ 3:0 დაამარცხა. კრემონელებმა რეგულარული სეზონი მეოთხე ადგილზე დაასრულეს და სერია A-ში გადასასვლელი პლეი ოფის ნახევარფინალში ითამაშებენ.

რაც შეეხება ივა გელაშვილს, საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების ყოფილი მცველი „ვენეციასთან“ შეხვედრაში „სპეციას“ განაცხადში არ იყო – ქართველის გუნდმა 2:1 მოიგო და სერია B-ში ადგილი შეინარჩუნა.