ქართველები იტალიაში | „ემპოლი“ დამარცხდა, „სალერნიტანასა“ და „ფროზინონეს“ მატჩი ფრედ დასრულდა #1TVSPORT
საბა გოგლიჩიძისა და საბა საზონოვის „ემპოლიმ“ იტალიის სერია A-ში „ატალანტას“ უმასპინძლა და დიდი ანგარიშით დამარცხდა – 0:5.
გოგლიჩიძე „ემპოლის“ ძირითად შემადგენლობაში იყო და შეუცვლელად ითამაშა, მაგრამ ისევე როგორც მთლიანად გუნდი, დამაჯერებლად ვერც ის გამოიყურებოდა. თუმცა 20 წლის ქართველმა მცველმა შეცდომა მხოლოდ მესამე გოლის დროს დაუშვა.
ამ წაგებით „ემპოლი“ აუტსაიდერთა ზონაში დაეშვა – 26 ტურის შემდეგ 21 ქულით გუნდი მე-18 პოზიციაზეა. „ატალანტა“ (54) კი ლიდერებს, „ინტერს“ (57) და „ნაპოლის“ (56) მიუახლოვდა.
სერია B-ში „ქართველების დერბი“ გაიმართა – ლუკა ლოჩოშვილის „სალერნიტანამ“ გიორგი კვერნაძის „ფროზინონე“ მიიღო – 1:1. ლოჩოშვილმა შეუცვლელად ითამაშა და გუნდში საუკეთესო შეფასება (7,6) დაიმსახურა, კვერნაძეს კი არ უთამაშია.
27 ტურის შემდეგ „სალერნიტანა“ (26 ქულა) მე-18 ადგილზეა, რომელსაც „ფროზინონე“ (34) 2 ქულით და ერთი ადგილით ჩამორჩება.