ქართველები ევროტურნირებზე | მიქაუტაძის „ლიონი“ პლეი ოფში გავიდა, ოდიშარიამ „მაკაბისთან“ ითამაშა #1TVSPORT
ქართველები ევროტურნირებზე | მიქაუტაძის „ლიონი“ პლეი ოფში გავიდა, ოდიშარიამ „მაკაბისთან“ ითამაშა #1TVSPORT

გიორგი მიქაუტაძის „ლიონი“ ევროპა ლიგის ძირითადი ეტაპის მე-6 ტურში საკუთარ მოედანზე ფრანკფურტის „აინტრახტს“ დაუპირისპირდა და 3:2 დაამარცხა.

საშინაო შეხვედრა ფრანგებმა დამაჯერებლად ვერ დაიწყეს – ანგარიში მე-18 წუთზე გერმანელებმა კნაუფის გოლით გახსნეს. თუმცა, მერე ფრანგებმა სამი გოლი გაიტანეს და სამივეში რაიან ჩერკი მონაწილეობდა – მის ანგარიშზე გოლი და ორი საგოლე გადაცემაა, რომლებიც ფოფანამ და მუამამ გაიტანეს.

მიქაუტაძე მოედანზე 81-ე წუთზე შევიდა და სწრაფადვე შეეძლო ბურთის გატანა, მაგრამ მეკარემ ხელი შეუშალა და გიორგის დარტყმა არაზუსტი გამოდგა. შეხვედრის ბოლომდე გერმანელებმა კიდევ ერთი ბურთი გაქვითეს, საბოლოოდ კი შეხვედრა „ლიონმა“ 3:2 მოიგო.

ლაშა ოდიშარიას რფს („რიგის ფეხბურთის სკოლა“) თელ-ავივში „მაკაბის“ ესტუმრა და 1:2 დამარცხდა. საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების ნახევარმცველი ლატვიური გუნდის ძირითად შემადგენლობაში იყო, 77 წუთი ითამაშა და 6,9 ქულა მიიღო. ლატვიური კლუბის კიდევ ერთი ქართველი ლეგიონერი, ლუკა სილაგაძე მოედანზე 89-ე წუთზე შევიდა.

„ლიონი“ 13 ქულით ძირითადი ეტაპის სატურნირო ცხრილში მე-4 ადგილზეა და ევროპა ლიგის პლეი ოფის 1/8-ფინალში გასვლის რეალური კანდიდატია, 1/16 ფინალში თამაში კი უკვე გაინაღდა. ხოლო ოდიშარიას გუნდს პლეი ოფში მოხვედრის თეორიული შანსი ისევ აქვს.

გიორგი გოჩოლეიშვილის „კოპენჰაგენმა“ კონფერენს ლიგის მეხუთე ტურში შოტლანდიურ „ჰართსს“ უმასპინძლა და 2:0 დაამარცხა. საქართველოს ნაკრების მცველს ამჯერად არ უთამაშია. არც ლაშა დვალს მიეცა შანსი აპოელ-ში, რომელმაც სომხეთში „ნოას“ 3:1 სძლია.

დანიურმა კლუბმა 8 ქულა დააგროვა და კარგი შანსი აქვს, რომ კონფერენს ლიგის 1/16-ფინალში ითამაშოს. აპოელ-ი (10) კი, ფაქტობრივად, პლეი ოფშია გასული.