ქართველები ევროტურნირებზე | დვალმა პენალტების სერიაში გაიტანა, კიტეიშვილი და მამაგეიშვილი შემდეგ ეტაპზე ითამაშებენ #1TVSPORT
გრაცის „შტურმმა“, სადაც ოთარ კიტეიშვილი და გიზი მამაგეიშვილი თამაშობენ, ჩემპიონთა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე შოტლანდიაში „ჰართსი“ 2:0 დაამარცხა და მომდევნო ეტაპზე გავიდა.
ავსტრიის ვიცე-ჩემპიონმა მეტოქეს შინ 4:0 სძლია და მეორე შეხვედრაც დამაჯერებლად ჩაატარა. მამაგეიშვილი თამაშში 77-ე წუთიდან ჩაერთო, ავსტრიის საუკეთესო მოთამაშედ ზედიზედ სამჯერ დასახელებული კიტეიშვილი კი სათადარიგო იყო.
კონფერენსლიგაზე სოფიის „ცსკა 1948“ კაპიტნის რანგში ლაშა დვალმა გაიყვანა, მისი გუნდი ლუკა ხორხელისა და გიორგი მოისწრაფიშვილის ტრნავის „სპარტაკს“ შეხვდა. შეხვედრა 0:0 დასრულდა და შემდეგ ეტაპზე პენალტების სერიის უკეთ შესრულებით (5:3) ბულგარელები გავიდნენ.
დვალმა და ხორხელმა ძირითად შემადგენლობაში ითამაშეს, ხოლო მოისწრაფიშვილი ტრავმირებულია. ხორხელი მეორე ტაიმში შეცვალეს, ბულგარელთა რიგებში კი დვალმა პირველი პენალტი ზუსტად დაარტყა და ბულგარელების მესამე ეტაპზე გასვლაში თავისი წვლილი შეიტანა.