ქართველები ევროპაში - კაჭარავამ ისევ გაიტანა
ქართველები ევროპაში - კაჭარავამ ისევ გაიტანა

ნიკა კაჭარავამ ზედიზედ მეორე მატჩში მოახერხა მეტოქის კარის აღება. კვიპროსის პირველი დივიზიონის (უმაღლესი ლიგა) მე–12 ტურში ფამაგუსტას „ანორთოსისის“ ძირითად შემადგენლობაში ერთდროულად ორი ქართველი გამოჩნდა – კაჭარავასთან ერთად სასტარტოში ბექა მიქელთაძეც იყო. ფამაგუსტელებმადოქსა“ 3:1 დაამარცხეს, მესამე გოლი 81-ე წუთზე კაჭარავამ გაიტანა. ამ დროისთვის მიქელთაძე მოედანზე აღარ იყო – ის 74-ე წუთზე შეცვალეს. „ანორთოსისი“ 19 ქულით მეხუთე ადგილზეა.

გიორგი ჩაკვეტაძე „ეუპენთან“ 2:0 მოგებულ შეხვედრაში კვლავ „გენტის“ ძირითად შემადგენლობაში იყო, მაგრამ ამჯერად თავი არ გამოუჩენია. საქართველოს ნაკრების 19 წლის ფეხბურთელი 66-ე წუთზე შეცვალეს. ბელგიის ჩემპიონატში გამართული 18 ტურის შემდეგ „გენტმა“ 28 ქულა დააგროვა და მეექვსე პოზიციას იკავებს.

შეიძლება ითქვას, რომ გრაცის „შტურმში“ოთარ კიტეიშვილმა ადგილი დაიმკვიდრა. 21 წლის ქართველი ნახევარმცველი გასვლაზე ვენის „რაპიდთან“ ფრედ (0:0) დასრულებულ შეხვედრაში გრაცელთა ძირითად შემადგენლობაში იყო და შეუცვლელად ითამაშა. 17 ტურის შემდეგ 23 ქულით „შტურმი“ ავსტრიის ბუნდესლიგაში მეექვსე ადგილზეა.

იტალიის სერია „ა“-ში „ემპოლიმ“ „ბოლონია“ 2:1 დაამარცხა. ტრავმამოშუშებული ლევან მჭედლიძე „ემპოლის“ განაცხადში იყო, მაგრამ ამჯერად არ უთამაშია. 16 ქულით მისი გუნდი მე-14 ადგილზეა.