ქართველები ევროპალიგაზე - კიტეიშვილი სამთვიანი პაუზის შემდეგ დაბრუნდა​ #1TVSPORT
ქართველები ევროპალიგაზე - კიტეიშვილი სამთვიანი პაუზის შემდეგ დაბრუნდა​ #1TVSPORT

ევროპის ლიგაზე ჯგუფური ეტაპის მეორე ტურის შეხვედრები გამართეს ქართველების გუნდებმა – სასიხარულო ამბავი მოხდა ნიდერლანდებში, სადაც ოთარ კიტეიშვილი დიდი ხნის პაუზის შემდეგ მოედანს დაუბრუნდა.

უშუალოდ შეხვედრა ქართველი ფეხბურთელის გუნდისთვის სასიამოვნო ნამდვილად არ ყოფილა. F ჯგუფში გრაცის „შტურმი“ როტერდამში „ფეიენოორდს“ ესტუმრა და 6:0 დამარცხდა. ნიდერლანდური კლუბი პირველ ტაიმში 4:0 დაწინაურდა, ორი გოლიც შესვენების შემდეგ გაიტანა.

საქართველოს ნაკრების ნახევარმცველი ზაფხულში მიღებული ტრავმის შემდეგ მოედანზე პირველად გამოჩნდა – კიტეიშვილი მოედანზე 72-ე წუთზე შევიდა. დიდი ხნის უთამაშებლობის გამო 25 წლის შემტევი ნახევარმცველი ფორმაში არაა და ვილი სანიოლმა სანაკრებო შეკრებაზე არ გამოიძახა.

კიტეიშვილმა ოფიციალური თამაში ბოლოს სამი თვის და სამი დღის წინ ჩაატარა – 12 ივნისს გრაცის „შტურმის“ ქართველმა ლეგიონერმა საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში ერთა ლიგაზე ბულგარეთის წინააღმდეგ „დინამო-არენაზე“ ითამაშა.

ლუკა გუგეშაშვილი „ყარაბაღის“ სათადარიგოებში დარჩა G ჯგუფის შეხვედრაში, რომელშიც აზერბაიჯანულმა კლუბმა შინ „ნანტი“ 3:0 დაამარცხა.

H ჯგუფის მეორე ტურში გიორგი ხარაიშვილი ისევ ვერ მოხვდა „ფერენცვაროშის“ განაცხადში, რომელიც დიდი სენსაციის ავტორი გახდა და გასვლაზე „მონაკო“ 1:0 დაამარცხა.

ამ ჯგუფის მეორე შეხვედრაშიც სათადარიგოებში იყო ჩვენი ნაკრების ფეხბურთელი – მცველი ირაკლი აზაროვი, რომლის „ცრვენა ზვეზდამ“ გასვლაზე „ტრაბზონთან“ 1:2 წააგო.