ქართველები ავსტრიაში - კიტეიშვილმა გაიტანა, გიორბელიძემ კონკურენტი სკამზე დასვა #1TVSPORT
ქართველები ავსტრიაში - კიტეიშვილმა გაიტანა, გიორბელიძემ კონკურენტი სკამზე დასვა #1TVSPORT

ოთარ კიტეიშვილმა ავსტრიის ბუნდესლიგის 29-ე ტურში მორიგი გოლი გაიტანა, მაგრამ გრაცის „შტურმმა“ ქულის მოპოვებაც ვერ მოახერხა. საქართველოს ნაკრების ნახევარმცველის გუნდი საკუთარ სტადიონზე ავსტრიილი საკლუბო ფეხბურთის ბოლო წლების ლიდერს, „ზალცბურგს“ დაუპირისპირდა და ანგარიშით 1:3 დამარცხდა.

კიტეიშვილი გრაცელთა ძირითად შემადგენლობაში იყო და 74-ე წუთზე შეცვალეს. მანამდე კი მან თავი იმით გამოიჩინა, რომ 56-ე წუთზე ანგარიში გაათანაბრა. მან მე-20 წუთზე ბრენდონ აარონსონის გატანილი გოლი გაქვითა. „შტურმმა“ წონასწორობა დიდხანს ვერ შეინარჩუნა და მაინც დაეცა – აარონსონმა 78-ე წუთზე სტუმრები მეორედ დააწინაურა, ხოლო საბოლოო ანგარიში 83-ე წუთზე ზლატკო იუნუზოვიჩმა დააფიქსირა – 1:3 „ზალცბურგის“ სასარგებლოდ. მიუხედავად წაგებისა, კიტეიშვილმა ორივე გუნდის მოთამაშეებს შორის მეორე შეფასება დაიმსახურა – 7,9 ქულა, მას მხოლოდ დუბლის ავტორმა აარონსომა (8,7) აჯობა. ქართველმა ფეხბურთელმა მიმდინარე სეზონში მეექვსე გოლი გაიტანა და სამი საგოლე გადაცემა შეასრულა.

მოიგო „ვოლფსბერგერმა“, რომელმაც ვენაში „რაპიდს“ ანგარიშით 2:1 სძლია. „მგლების“ („ვოლფსბერგერმა“ ზედმეტსახელია) ძირითად შემადგენლობაში იყო საქართველოს ნაკრების მცველი გურამ გიორბელიძე, რომელმაც კონკურენტი სასტარტო ტერთმეტეულიდან მყარად ამოაგდო და მწვრთნელს თავი მოაწონა. მან კარგი შეფასება – 6.9 ქულა დაიმსახურა. ლუკა ლოჩოშვილი სათადარიგოებში იყო და არ უთამაშია.

ავსტრიის ბუნდესლიგის დასრულებამდე სამი ტურია დარჩენილი. 29 მატჩის შემდეგ გრაცის „შტურმი“ 27 ქულით მეოთხე ადგილზეა და ქულით უსწრებს „ვოლფსბერგერს“. ევროთასებზე გასვლის შანსს ორივე გუნდი ინარჩუნებს.

დატოვე კომენტარი