ქართველ მებრძოლს რამდენიმე დღეში კარიერის ყველაზე მნიშვნელოვანი ბრძოლა ელის - ექსკლუზიური ინტერვიუ მერაბ დვალიშვილთან (ვიდეო)

აბსოლუტური საბრძოლო ჩემპიონატის ქართველი მებრძოლი მერაბ დვალიშვილი კარიერის ყველაზე მნიშვნელოვანი ბრძოლისთვის ემზადება.

„სერა ლონგოს“ გუნდის წევრი თბილისის დროით 16 თებერვალს, გამთენიისას კესი კენის დაუპირისპირდება. იმ შემთხვევაში თუ დვალიშვილი ძლიერი მეტოქის დამარცხებას შეძლებს პირველად მოხდება ისე, რომ ქართველი მებრძოლი UFC- ის ტოპ 15-ში დაიმკვიდრებს ადგილს. აქედან გამომდინარე მერაბის ბრძოლა შესაძლოა, ისტორიული გამოდგეს. პირველი არხი დვალიშვილს ნიუ იორკში დაუკავშირდა და ბრძოლამდე ხუთი დღით ადრე გაესაუბრა.

როგორ განწყობაზე ხარ ბრძოლამდე რამდენიმე დღით ადრე ? როგორ გრძნობ თავს და როგორ ჩაიარა მოსამზადებელმა ეტაპმა?

მერაბ დვალიშვილი: „მოსამზადებელმა ეტაპმა ძალიან კარგად და ნაყოფიერად ჩაიარა. მაქსიმუმი გავაკეთე, რომ ფორმის პიკში შევხვედროდი ამ ბრძოლას. ცოტა გაციებამ შემიშალა ხელი, თუმცა ახლა თავს მშვენივრად ვგრძნობ და სრულიად ჯანმრთელი ვარ. ტრავმებიც არ მაწუხებს. მწვრთნელებთან და ჩემს გუნდთან ერთად ყველა ასპექტზე ვიმუშავეთ. მზად ვარ, როგორც დგომში ბრძოლისთვის, ასევე ჭიდაობისთვის.

რა არის მეტოქის შედარებით სუსტი მხარე და როგორ ფიქრობ, ეს შენი კარიერის ყველაზე მნიშვნელოვანი ბრძოლაა?

სიმართლე გითხრათ მეტოქის სუსტ მხარეს ვერ ვხედავ. ის ყველა ასპექტში თანაბრად ძლიერია. გარდა ამისა კეინი ცაციაა, რაც დამატებით დისკომფორტს შემიქმნის, თუმცა, როგორც გითხარით ყველაფრისთვის მზად ვარ. ჩემს შესაძლებლობებში 100%-ით დარწმუნებული ვარ და ვფიქრობ, გამარჯვება მე დამრჩება. მგონია, რომ მეტოქეს პირველ რიგში ფიზიკური ძალით ვაჯობებ და ამით მოვიპოვებ გადამწყვეტ უპირატესობას. რა თქმა უნდა, ეს ჩემი კარიერის ყველაზე მნიშვნელოვანი ბრძოლაა. კეინის დამარცხება ჰაერივით მჭირდება და ყველაფერს გავაკეთებ ამისთვის.

წონაზე რომ გვითხრა ორი სიტყვა. ამჟამად რამდენ კილოგრამს იწონი და ამ მხრივ რა ვითარებაა?

წონის კლება გუშინ დავიწყე. ამჟამად 71 კილოგრამს ვიწონი და პარასკევამდე 10 კგ მაქვს დასაკლები. ეს ყველაზე მძიმე და რთული პროცესია მებრძოლისთვის. გამონაკლისი არც მე ვარ. მოუთმენლად ველოდები ბრძოლის დღეს! გულშემატკივარს ვპირდები, რომ ყველაფერს გავაკეთებ იმისათვის, რომ საქართველო და ჩემი ფანები კიდევ ერთხელ ვასახელო.