ქართველ მცველს ესპანეთში იწვევენ - „რეალის“ ბრაზილიელი ვარსკვლავი ჭინჭარაულს მადრიდში ელის (ვიდეო)

საბა ჭინჭარაულით, რომელიც საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრებისა და „ვაასლანდ ბევერენის“ დუბლშემადგენლობის ფეხბურთელია, ბრაზილიელი ვარსკვლავი მარსელო დაინტერესდა – ბრაზილიის ნაკრებისა და მადრიდის „რეალის“ ერთ-ერთი ლიდერმა ქართველ ფეხბურთელს ვიდეომისალმება გაუგზავნა და მისი ამბებით ინტერესდება.

„სავარაუდოდ, საბა ჭინჭარაულის შესახებ არასოდეს გსმენიათ. ეს შეიძლება უცნაური იყოს, რადგან „ვაასლანდ ბევერენის“ დუბლშემადგენლობის 18 წლის ფეხბურთელმა მადრიდის “რეალის” ვარსკვლავისგან შეტყობინებებსაც კი იღებს“ – წერს ბელგიური გამოცემა „ვოეტბალკრანტი

„ჰეი, საბა, როგორ ხარ? კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ოჯახში. შეხვედრამდე მადრიდში!“ – ამბობს მარსელო ჭინჭარაულისადმი ვიდეომიმართვაში.

საქართველოს პირველი არხი ფეხბურთელს ბელგიაში დაუკავშირდა და მნიშვნელოვანი სიახლე შეიტყო. საქმე ისაა, რომ ქართველმა მცველმა 2019 წელს კონტრაქტი გააფორმა სამენეჯერო სააგენტო LifePro-სთან, რომელიც მარსელოს ინტერესებს იცავს. მისი ხელმძღვანელები ფეხბურთელის აგენტი როდიგო კანტიერი და მარსელოს ცოლის ძმა კაიო ალვესია.

საქართველოს პირველი არხთან საბა ჭინჭარაულმა მარსელოსთან ურთიერთობაც დაადასტურა და შესაძლო ტრანსფერის ამბავიც გაგვიმხილა.

„გასული ზაფხულში ბელგიაში ჩვენი გუნდის მატჩების სანახავად მარსელოს ბავშვობის მეგობარი და ყოფილი თანაგუნდელი ლეანდრო და სილვა ჩამოვიდა. მაშინ ის ჩვენ ბრაზილიელ თანაგუნდელზე დასაკვირვებლად იყო მოსული, მაგრამ, როგორც გავიგე, მე მოვეწონე და მარსელოს და მის აგენტს ინფორმაცია მიაწოდა. ამის შემდეგ მარსელოს მენეჯერი დამიკავშირდა, ჩამოვიდა და კონტრაქტი გამიფორმა. ამიტომ ამბობს მიმართვაში, კეთილი იყოს ოჯახში შენი მობრძანებაო“, – აცხადებს საბა ჭინჭარაული.

დავინტერესდით, რას ნიშნავდა მარსელოს ფრაზა „შეხვედრამდე მადრიდში!“ – 18 წლის ფეხბურთელმა კომენტარი ამის შესახებაც გააკეთა: „მარსელომ არა მხოლოდ ვიდეომიმართვა გამომიგზავნა, არამედ რამდენჯერმე მომწერა, დამელაპარაკა და მაიმედებს, რომ სააგენტო LifePro მალე ახალ კლუბს მომიძებნის. ახლა გუნდების დაკონკრეტება არ მსურს. მხოლოდ იმას ვიტყვი, რომ სააგენტომ ჩემს ტრანსფერზე მოლაპარაკება ესპანეთის 3 კლუბთან დაიწყო“.

საბა ჭინჭარაული თბილისის „დინამოს“ ყოფილი თავდამსხმელის, გია ჭინჭარაულის ვაჟია. ის ბელგიაში დაიბადა და გაიზარდა. ვარჯიშობდა „მეჰელენის“ სისტემაში, 2016 წელს „ვაასლანდ ბევერენის“ აკადემიაში მიიწვიეს – 2018 წელს კლუბის დუბლშემადგენლობაში დააწინაურეს, მომავალი წლიდან კი, დიდი ალბათობით მთავარ გუნდში ივარჯიშებს.