„ქართულმა ოცნებამ“ ნაძალადევის რაიონში მაჟორიტარობის კანდიდატი მიხეილ ყაველაშვილი წარადგინა
„ქართულმა ოცნებამ“ ნაძალადევის რაიონში მაჟორიტარობის კანდიდატი მიხეილ ყაველაშვილი წარადგინა

„ქართულმა ოცნებამ“ ნაძალადევის რაიონში მაჟორიტარობის კანდიდატი მიხეილ ყაველაშვილი წარადგინა.

კიკვიძის პარკში გამართულ ღონისძიებაზე პარტიის გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ აღნიშნა, რომ მიხეილ ყაველაშვილი ამ რაიონის მცხოვრებლების ინტერესებს გაატარებს საქართველოს პარლამენტში.

„რა თქმა უნდა, მარტივი არ ყოფილა შერჩევა, მოგვიწია გარკვეული გამოკითხვების ჩატარება, კვლევების ჩატარება. გვინდოდა, შეგვერჩია და ყოფილიყო ისეთი ადამიანი, რომელიც ძალიან კარგად იცნობს ამ რაიონს, რომელმაც ძალიან კარგად იცის ყველა ის პრობლემა, ყველა ის საჭიროება, რომელიც სჭირდებათ ნაძალადევის რაიონში მცხოვრებ ადამიანებს. შესაბამისად, ყველაზე მეტი პატივისცემა და სიყვარული დაიმსახურა მიხეილ ყაველაშვილმა, რომელიც დღეს გვინდა წარმოგიდგინოთ. მიშას შეიძლება, ჩემი წარდგენა არ სჭირდებოდეს, ის წლების განმავლობაში ნაძალადევის რაიონს ემსახურება. მაგრამ ერთი რამ შემიძლია, ვთქვა, რომ ჩვენ ერთმანეთის მხარდაჭერით, ერთიანი ძალისხმევით – როგორც ქალაქის მერია, გამგეობა, ცენტრალური ხელისუფლება, ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ის გამოწვევები, ის საჭიროებები და პრობლემები, რომელიც ჯერ კიდევ არსებობს ნაძალადევის რაიონში, მომდევნო წლების განმავლობაში სწრაფად და ეფექტურად იყოს მოგვარებული.

მე ამას გპირდებით და ეს შეუძლია, დაგპირდეთ მიხეილ ყაველაშვილსაც, რადგან ჩვენ ვართ ძალიან დიდი გუნდი, რომელსაც ზურგს უმაგრებენ „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ რიგითი ჯარისკაცები, რომლებსაც გული შესტკივათ ჩვენი ქვეყნის განვითარებაზე და წინსვლაზე. მინდა, მიშას გამარჯვება ვუსურვო, წარმატება ვუსურვო და დარწმუნებული ვარ, პირველივე ტურში თქვენი მხარდაჭერით, თქვენი თანადგომით აუცილებლად გაიმარჯვებს“, – მიმართა კალაძემ შეკრებილებს.

ამასთან, მოსახლეობას მიმართა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ და თავის გამოსვლაში ამომრჩევლებს არჩევნების დღეს აქტიურობისკენ მოუწოდა.