ქართული წყალბურთი ახალი გამოწვევების წინაშე
ქართული წყალბურთი ახალი გამოწვევების წინაშე

14 იანვარს, საქართველოს წყალბურთელთა ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე პირველ მატჩს გამართავს. ჩვენი ნაკრების მოწინააღმდეგე საფრანგეთის ეროვნული გუნდი იქნება და შეხვედრა თბილისის დროით 19:00 საათზე დაიწყება.

ჩვენს ნაკრებს გამარჯვების ყველაზე რეალური შესაძლებლობა საფრანგეთის ეროვნულ გუნდთან მიეცემა და ამ შემთხვევაში საქართველოს ეროვნული გუნდი ევროპის საუკეთესო 12 ნაკრებში მოხვდება.

ქართული წყალბურთის ძველ ტრადიციას ძირითადი და ასკობრივი ნაკრებები აგრძელებენ. შეგახსენებთ, რომ გასულ წელს, 17-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატს საქართველომ უმასპინძლა და ჩვენმა ეროვნულმა ნაკრებმა მე-6 ადგილი დაიკავა.

დღეს, გადაცემა „ტაიმაუტმა“ საქართველოს წყალბურთელთა ეროვნულ ნაკრებს უმასპინძლა და სტუმრებმა ევროპის ჩემპიონატის წინ, ქართული წყალბურთის წინსვლასა და ახალ პერსპექტივაზე ისაუბრეს.

ჩვენი ნაკრების წევრები და მთავარი მწვრთნელი რევაზ ჩომახიძე ქართული წყალბურთის უახლოეს მომავალს იმედით უყურებენ და აღნიშნავენ, რომ ერთი აუზის არსებობის პირობეშიც კი, მთავარია სპორტის, თანაგუნდელებისა და საკუთარი ქვეყნის სიყვარული.

საქართველოს პირველი არხი ქართული წყალბურთის მხარდასაჭერად 14 იანვრიდან, ევროპის ჩემპიონატზე ჩვენი ნაკრების ყველა შეხვედრას შემოგთავაზებთ.