ქართული სამეულის „სლოვანმა“ სეზონი დაასრულა - მოედანზე შესულმა ფანებმა ჩემპიონობა იზეიმეს #1TVSPORT
ქართული სამეულის „სლოვანმა“ სეზონი დაასრულა - მოედანზე შესულმა ფანებმა ჩემპიონობა იზეიმეს #1TVSPORT

„სლოვანმა“ სლოვაკეთის კორგონ ლიგის ბოლო ტურში „პოდბრეზოვას“ უმასპინძლა და 0:1 დამარცხდა, თუმცა ჩემპიონატი პირველი ადგილზე დაასრულა.

„სლოვანს“ სლოვაკეთის ჩემპიონობა უკვე მოპოვებული ჰქონდა და ამის გამო გუნდის მთავარმა მწვრთნელმა ძირითადი შემადგენლობის ბევრი მოთამაშე დაასვენა, მათ შორის, ქართველებიც – ჯაბა კანკავა განაცხადშიც არ იყო, ხოლო გურამ კაშია და გიორგი ჩაკვეტაძე თავიდან მატჩს სათადარიგოთა სკამიდან უყურებდნენ.

სლოვაკეთის საჩემპიონო ჯგუფის მეათე ტურის შეხვედრის პირველი ტაიმი 0:0 დასრულდა, ანგარიში „პოდბრეზოვამ“ დატკოს გოლით მეორე ტაიმის პირველივე წუთზე გახსნა. „სლოვანის“ მწვრთნელმა, ვლადიმირ ვაისმა წაგების საფრთხე იგრძნო და მოედანზე ჯერ ჩაკვეტაძე (68-ე წუთზე) შეუშვა, ხოლო შემდეგ – კაშიაც (78).

ბრატისლავას „სლოვანმა“ თამაშის გადარჩენა ვეღარ მოახერხა, მაგრამ ამას ხელი არ შეუშლია ბრატისლაველებისთვის, რომლებიც მოედანზე თამაშის დამთავრებამდე შევარდნენ და გუნდის ჩემპიონობა აღნიშნეს. „სლოვანმა“ სეზონი 69 ქულით დაასრულა და ჩემპიონობა შეინარჩუნა, ვიცე-ჩემპიონ „დუნაისკა სტრედას“ კი ორი ქულით გაასწრო.