ქართული სამეულის „აპოელი“ კონფერენს ლიგიდან გამოვარდა - შვედებს ტრიბუნებიდან საგნები ესროლეს #1TVSPORT
ქართული სამეულის „აპოელი“ კონფერენს ლიგიდან გამოვარდა - შვედებს ტრიბუნებიდან საგნები ესროლეს #1TVSPORT

ნიქოზიას „აპოელმა“ (სადაც სამი ქართველი თამაშობს) კონფერენს ლიგის პლეი ოფის განმეორებით შეხვედრაში შვედურ „იურგორდენს“ უმასპინძლა და 3:2 დაამარცხა, მაგრამ გათამაშების ჯგუფში მაინც ვერ მოხვდა.

ნიქოზიელთა განაცხადში მხოლოდ მურთაზ დაუშვილი იყო, მაგრამ არ უთამაშია – „აპოელის“ მწვრთნელმა შემტევი სტილის ნახევარმცველების დაყენება ამჯობინა. ლაშა დვალი და კვიპროსელთა კაპიტანი გიორგი ქვილითაია გუნდთან ერთად ემზადებოდნენ, მაგრამ განაცხადში არ იყვნენ.

„აპოელმა“ თამაში ძალიან კარგად დაიწყო და ანტომ მაგლიცას (7) და დენი ბლუმის (23) სწრაფი გოლებით პირველ ტაიმში 2:0 დაწინაურდა. მართალია, ელიას ანდერსონმა (68) ანგარიში მეორე ნახევარში შეამცირა, მაგრამ „იურგორდენის“ ბარიერის დაძლევის შანსი კვიპროსელებს 73-ე წუთზე მარკინოს გოლით გაუჩნდა – წინ კიდევ 17 წუთი და კომპენსირებული დრო იყო.

„აპოელის“ იმედებს ხაზი ჯოელ ასორომ გადაუსვა, რომელმაც 90-ე წუთზე კვიპრსელთა კარი მეორედ აიღო – ორი მატჩის ჯამში „იურგორდენმა“ 5:3 (3:0, 2:3) მოიგო და კონფერენს ლიგის ჯგუფში ითამაშებს, ქართული სამეულისთვის კი ევროსეზონი დასრულდა.

მატჩის დასრულებამდე ცოტა ხნით ადრე ვითარება დაიძაბა. შვედებმა კუთხურის შესრულების უფლება მოიპოვეს, მაგრამ „აპოელის“ ტრიბუნებიდან სტუმრებს სხვადასხვა საგნები ესროლეს და შვედმა ფეხბურთელებმა კუთხურზე უარი თქვეს. მინდორი გადაიქცა ნაგავსაყრელად და კვიპროსელი მოთამაშეები ხალხის დამშვიდებას შეეცადნენ. ამავე დროს, „აპოელის“ მოთამაშეები ცდილობდნენ, მეტოქის სათამაშოდ დაყოლიებას და ამ დროს ერთმანეთს უბიძგეს. მომხდარის გამო „აპოელს“ სერიოზული ჯარიმები ემუქრება.