„ქართული ოცნების“ ოფისში რეგიონების მაჟორიტარებთან შეხვედრები იმართება
„ქართული ოცნების“ ოფისში რეგიონების მაჟორიტარებთან შეხვედრები იმართება

საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელი ირაკლი მეზურნიშვილი აცხადებს, რომ „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში დღეს მაჟორიტარ დეპუტატებთან შეხვედრები იმართება, რომელზეც რეგიონებთან დაკავშირებით იმსჯელებენ. შეხვედრები საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში პარტიის სტრატეგიას უკავშირდება.

„ვაგრძელებთ იმ სტრატეგიასა და ტაქტიკაზე მუშაობას, რომელიც საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის წინ დავისახეთ. ძალიან დიდი სამუშაოა ჩასატარებელი, სრული მობილიზებაა საჭირო. მივიღეთ გზავნილი ჩვენი საზოგადოებისგან, ნათლად ვაცნობიერებთ, რომ არის დაშვებული შეცდომები და ისინი გამოსასწორებელია. ამაზე ძალიან აქტიურად ვიმუშავებთ. ჩვენი საზოგადოების უდიდესი ნაწილი მიხვდება, რომ ეს პროცესი ამ დღეებში დაიწყება.

დღეს არის რეგიონული შეხვედრები. მე, როგორც კასპის მაჟორიტარი, ვესწრები შიდა ქართლის რეგიონის შეხვედრას. გვექნება შემდეგი ნაბიჯებისა და სტრატეგიის განხილვა. იქნება ერთი ძალიან მკაცრი ვერტიკალი და უფრო მეტი ორგანიზებულობა და დარწმუნებული ვარ, მეორე ტურში არა მარტო გავიმარჯვებთ, არამედ დამაჯერებლად გავიმარჯვებთ და შემდეგი ორი წელი, ვიდრე დადგება საპარლამენტო არჩევნები, აბსოლუტურად სხვა შედეგს დავდებთ, რაც პირდაპირ მოუტანს კეთილდღეობას საზოგადოებას“, – განაცხადა ირაკლი მეზურნიშვილმა.