ქართული ლელო საფრანგეთის TOP 14-ში - ბექა გორგაძემ „პოს“ მოაგებინა [ვიდეო] #1TVSPORT

გაიმართა საფრანგეთის სარაგბო ჩემპიონატის (TOP 14) მორიგი ტურის მატჩები, რომელშიც საქართველოს ნაკრების მორაგბეებმაც ითამაშეს, ფრანგული „პოს“ კაპიტანმა ბექა გორგაძემ კი ლელოთი გამოიჩინა თავი და გუნდს მოგებაში დაეხმარა.

„პომ“ საკუთარ მოედანზე „კლერმონს“ 23:18 აჯობა. მასპინძელთა შემადგენლობაში ბექა გორგაძე და გურამ პაპიძე ძირითადში იყვნენ. გორგაძემ 47-ე წუთზე მოახერხა ლელოს დადება. მან შეხვედრა სრულად ჩაატარა, პაპიძე კი 54-ე წუთზე შეცვალეს. „კლერმონის“ შემადგენლობაში დავით ქუბრიაშვილი მარქაფაში იყო და მოედანზე 28-ე წუთზე ტრავმირებული მოთამაშის ნაცვლად შევიდა, 71-ე წუთზე კი შეცვალეს.

„პო“ 41 ქულით მე-12 ადგილზეა და ლიგაში ადგილის შენარჩუნებისთვის იბრძვის, „კლერმონს“ 46 ქულა აქვს და მეათეა.

რასინგისა“ და „ბორდოს“ (31:28) შეხვედრაში მასპინძელთა რიგებში სასტარტოში იყო გურამ გოგიჩაშვილი, მან 46 წუთი ითამაშა. „რასინგი“ 56 ქულით მეხუთე ადგილზეა, „ბორდო“ (54) მეშვიდეა.

ბრივმა“ საკუთარ მოედანზე „სტად ფრანსეს“ უმასპინძლა და 22:27 დამარცხდა. მასპინძელთა რიგებში სასტარტო შემადგენლობაში იყვნენ ლუკა ჯაფარიძე და ვასილ ლობჟანიძე. ლობჟანიძე 57-ე წუთზე შეცვალეს, ჯაფარიძემ 61 წუთი ითამაშა, „ბრივის“ მესამე ქართველი ვანო კარკაძე შეხვედრაში 48-ე წუთიდან ჩაერთო. სტუმართა რიგებში 59-ე წუთზე მოედანზე გიორგი მელიქიძე გამოჩნდა, 62-ე წუთიდან თამაშში ვასილ კაკოვინიც ჩაერთო.

„ბრივი“ 27 ქულით აუტსაიდერი და TOP 14-დან გავარდნის კანდიდატია, „სტად ფრანსე“ (60) მესამე ადგილზეა და ტიტულისთვის იბრძვის.

„მონპელიესა“ და „კასტრის“ (19:28) შეხვედრაში მხოლოდ ერთმა ქართველმა მიიღო მონაწილეობა – სტუმართა რიგებში ლევან ჩილაჩავა სასტარტო შემადგენლობაში იყო და 41 წუთი ითამაშა. „კასტრი“ 44 ქულით მე-11 ადგილზეა.

ტულონისა“ და „პერპინიანის“ (37:15) მატჩი ბექა გიგაშვილმა მასპინძელთა ძირითადში დაიწყო. ბექა 50-ე წუთზე შეცვალეს. ტულონელები 57 ქულით მეოთხე პოზიციაზე არიან.

„ლა როშელმა“ საკუთარ მოედანზე 26:6 დაამარცხა „ბაიონი“. კონსტანტინე მიქაუტაძემ სტუმართა ძირითადში დაიწყო თამაში. ქართველი 51-ე წუთზე შეცვალეს მისი გუნდი 50 ქულით მე-8 ადგილზეა.

TOP 14-ის მორიგი ტურის მატჩები 22-23 აპრილს გაიმართება.